სტოუნჰენჯის წარმომავლობის საიდუმლო ამოხსნილია

მონუმენტის 60 წლის წინ დაკარგული ნაწილის დაბრუნების შედეგად სტოუნჰენჯის უზარმაზარი სარსინის ქვების წარმოშობის კვალს მიაგნეს.

ნაპოვნი ერთმეტრიანი სიგრძის შუაგულის სინჯი მდგომარე მეგალითების გეოქიმიური კვლევის შედეგებს შეადარეს.

არქეოლოგების თქმით, ქვების წარმოშობა ჩრდილოეთით, 25 კილომეტრით დაშორებულ ადგილს უკავშირდება, რომელიც უილტშირის საგრაფოს ქალაქ მარლბოროუსთან მდებარეობს.

English Heritage-ის წარმომადგენლის, სიუზან გრინის თქმით, აღმოჩენა “ნამდვილად ამაღელვებელი” იყო.

შვიდი მეტრი სიმაღლის სარსინები, რომელთა მასაც დაახლოებით 20 ტონაა, სტოუნჰენჯის ცენტრალურ ნალისფორმიან 15 ქვის სტრუქტურას, გარე წრის ზღუდარსა და შვეულ ქვებს და მოშორებით მდებარე ლოდებს აერთიანებს.

მონუმენტის შედარებით მომცრო ლოდების კვალს უელსში მდებარე პრესელის მთებში მიაგნეს, თუმცა სარსინების იდენტიფიცირება ბოლო დრომდე ვერ ხერხდებოდა.

1958 წლის არქეოლოგიური სამუშაოებისას მოცილებული ქვის ნაწილის დაბრუნებამ მკვლევრებს შესაძლებლობა მისცა, მისი ქიმიური შემადგენლობა შეესწავლათ.

სანამ 89 წლის რობერტ ფილიპსი, რომელიც იმ პერიოდის სამუშაოებში იყო ჩართული, შარშან ქვის შუაგულის დაბრუნებას გადაწყვეტდა, ამ უკანასკნელის ადგილმდებარეობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

1958 წელს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოებისას მონუმენტს ზოგიერთი ქვა მოაცილეს.

ფოტო: HISTORIC ENGLAND

თავდაპირველად, მკვლევრებმა სტოუნჰენჯის შემადგენელი სარსინები ფლუორესცენციული მეთოდით დაასხივეს. ამ ცდით დადგინდა, რომ მათი უმეტესობა ერთი და იმავე ადგილიდან იყო და მსგავსი ქიმიური შემადგენლობაც კი ჰქონდათ.

შემდეგ მათ შეისწავლეს ნორფოლკიდან დევონამდე აღმოჩენილი სარსინების ნატეხები და, როგორც აღმოჩნდა, მათი ქიმიური შემადგენლობა გაუჩინარებული ქვისას ემთხვეოდა.

English Heritage-ის განცხადებით, ქვის ბირთვის დატესტვის შესაძლებლობის ქონამ “მტკიცე” შედეგი გამოიღო, რადგან დამტკიცდა, რომ მისი შემადგენლობა იმ სარსინების ქიმიურ აღნაგობას შეესაბამება, რომელიც უესტ ვუდსში, მარლბოროუს სამხრეთით მდებარეობს.

კვლევის ხელმძღვანელის და ბრაიტონის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ნეშის, თქმით, “ნამდვილად ამაღელვებელია, როცა 21-ე საუკუნის მეცნიერებას ნეოლითის ხანის შესწავლა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალუძს, რომლებზეც საუკუნეებია, არქეოლოგები კამათობენ”.

მკვლევრებმა შეისწავლეს ქვის შუაგულის ქიმიური შემადგენლობა, რათა უძველესი სარსინების წარმოშობის ადგილი დაედგინათ.

ფოტო: ENGLISH HERITAGE

“მრავლისმთქმელი ქვები”

“თითოეულ ნატეხს განსხვავებული გეოქიმიური ხელწერა ჰქონდა, მაგრამ დაკარგული ქვის შუაგულის დაბრუნებამ საშუალება მოგვცა, სტოუნჰენჯის სარსინების წარმოშობის ადგილი დაგვედგინა”, — ამბობს გრინი.

როგორც იგი აღნიშნავს, “იმის შესაძლებლობა, რომ დაადგინო ადგილი, საიდანაც სტოუნჰენჯის მშენებლები მასალას ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე დაახლოებით 2 500 წლით ადრე იღებდნენ, ნამდვილად ამაღელვებელია.

“მიუხედავად იმისა, რომ სტოუნჰენჯის წარმოშობის ადგილად მარლბოროუს აქამდეც ვვარაუდობდით, მაგრამ დარწმუნებულები არ ვიყავით. ხოლო უილტშირში სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე სარსინები ნებისმიერი ადგილიდან შეიძლებოდა ყოფილიყო. მშენებლებს სურდათ, ყველაზე დიდი და მტკიცე ქვები გამოეყენებინათ და ცხადია, მათთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ქვები შესაძლო უახლოესი ადგილიდან მიეტანათ”.

“უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამდენად ფრთხილად და გამიზნულად იქმნებოდა სტოუნჰენჯი იმ უძველეს პერიოდში”, — დასძენს გრინი.

 

წყარო: On.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.