სტრასბურგში მოსამართლედ ლადო ჭანტურია დაამტკიცეს

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე იქნება. ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება.  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. ლადო ჭანტურიას მხარი საპარლამენტო ასამბლეის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.

„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ლადო ჭანტურიამ 120 ხმა მიიღო, ლალი ფაფიაშვილმა – 55, ხოლო ოთარ სიჭინავამ – 54.

ლადო ჭანტურიამ სტრასბურგის მოსამართლის თანამდებობაზე ნონა წოწორია შეცვალა. ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობას 2018 წლის იანვრიდან, ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.

ამასთან, 4 ოქტომბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას გაუწია რეკომენდაცია. 

ლადო ჭანტურიასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოდან წარდგენილნი იყვნენ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

Comments
Loading...