ტრამპი: მძინარე ჯო ბაიდენი 40 წელია, რაც პოლიტიკაშია და არაფერი გაუკეთებია!

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი იმ კომენტარის გამო, რომელიც მან ქვეყანაში არსებული არეულობის შესახებ გააკეთა.

“მძინარე ჯო ბაიდენი უკვე 40 წელია, რაც პოლიტიკაშია, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. ახლა იგი ისე იქცევა, თითქოს პასუხები აქვს, მაგრამ სინამდვილეში მან შეკითხვებიც კი არ იცის.” – წერს ტრამპი Twitter-ზე. “სისუსტე ვერასოდეს დაამარცხებს ანარქისტებს, ყაჩაღებსა და აჯანყებულებს. ჯო მთელი ცხოვრება პოლიტიკურად სუსტია. კანონი და წესრიგი!”

სამშაბათს ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები პოლიციის მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, საჭიროა ნაბიჯები გადაიდგას პოლიციის სრული პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

Comments
Loading...