ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგთან) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა.

სხდომაზე  ტრეფიკინგთან ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა განახლდა.

სხდომაზე დამტკიცებული 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, საბჭო 2019 წელს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისაგან, დაცვის მიზნით სახელმწიფო სტრატეგიას შეიმუშავებს. გაგრძელდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირება და მათთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოწესრიგება. ასეთ ბავშვებთან მომუშავე მობილური ჯგუფებისათვის შემუშავდება სახელმძღვანელო პრინციპები. სამოქმედო გეგმით მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, ასევე, ფორმალურ განათლებაში იმ ბავშვების ჩართვის ხელშეწყობას, რომლებიც სკოლაში არ ირიცხებიან და ქუჩაში ცხოვრობენ ან მუშაობენ.

გარდა ამისა, გეგმის თანახმად, სხვადასხვა სასწავლებელში და მოწყვლად ჯგუფებთან ჩატარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები ტრეფიკინგის საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, გადამზადდებიან ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლები, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი აიმაღლებს კვალიფიკაციას.

სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე გოჩა ლორთქიფანიძემ სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

„მუდმივად ვცდილობთ, ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებები იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი.  ტრეფიკინგის თემაზე აშშ-ის 2018 წლის ანგარიშით საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკა აკმაყოფილებს ამ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს და იგი შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან. ამასთან, ანგარიშში წელს პირველად გამოიყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიუსაფარი ბავშვების პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის მოდელი საუკეთესო მაგალითად დასახელდა“, −  აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს დაფინანსებას ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობისთვის და მიუსაფარი ბავშვების მიმართ ყველა სახის ძალადობის, მათ შორის, ტრეფიკინგის, პრევენციის მიზნით. ამ მიზნებისთვის იუსტიციის სამინისტრომ 2018 წელს  საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25000 ლარის ოდენობის გრანტი გასცა გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე.

ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას საბჭოს წევრი უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

Comments
Loading...