უახლოეს 25 წელში მსოფლიოში შესაძლოა პირველი ტრილიონერი გაჩნდეს

სამშაბათს, ამაზონის გენერალური დირექტორის, ჯეფ ბეზოსის ქონებამ 105 მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია.
Oxfam-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანთა 1%-ის ქონება დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის ქონებას აღემატება და თუ სიის სათავეში მყოფი პირები წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას გააგრძელებენ, უახლოეს 25 წელიწადში მსოფლიოში შესაძლოა პირველი ტრილიონერი გაჩნდეს.

Forbes-ის მილიარდერთა სიის პირველ ცხრა პოზიციაზე მყოფი პირების ქონება მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის ქონებას უდრის.
წარმოგიდგენთ ამ 9 ადამიანს.

9. მაიკლ ბლუმბერგი – 51,4 მილიარდი დოლარი
1981 წელს მაიკლ ბლუმბერგმა დააფუძნა საფინანსო-საინფორმაციო და მედიაკომპანია Bloomberg LP. ბიზნესში 88%-იანი წილით ის 9-მილიარდი დოლარის მოგებას ნახულობს.

8. ლარი ელისონი – 59,7 მილიარდი დოლარი
1977 წელს ლარი ელისონი კომპანია Oracle-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. კომპანიის სასტარტო კაპიტალი 2000 დოლარი იყო, საიდანაც 1200 დოლარი ელისონს ეკუთვნოდა. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ელისონი 2014 წელს გადადგა, თუმცა კომპანიასთან კავშირები არ გაუწყვეტია.

7. ბერნარ არნო – 64,8 მილიარდი დოლარი
ბერნარ არნო LVMH-ის გენერალური დირექტორის პოსტს 1989 წლიდან იკავებს. LVMH-ს ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Louis Vuitton, Sephora და Dom Perignon.

6. კარლოს სლიმ ელუ და მისი ოჯახი – 67 მილიარდი დოლარი
კარლოს სლიმ ელუ ლათინური ამერიკის მობილური ტელეკომუნიკაციების უმსხვილეს კომპანიას, América Móvil-ს აკონტროლებს. კარლოს სლიმ ელუ ასევე ფლობს წილებს სამთო სამუშაოების სხვადასხვა სფეროებში, უძრავ ქონებასა და სამომხმარებლო საქონელში. ის მექსიკის ყველაზე მდიდარი ადამიანია.

5. ამანსიო ორტეგა – 75,2 მილიარდი დოლარი
ამანსიო ორტეგა ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანია, 1975 წელს ის Zara-ს ბრენდის მფლობელი კომპანია Inditex-ის თანადამფუძნებელი გახდა. ამანსიო ორტეგას უძრავი ქონება აქვს ლონდონში, ნიუ-იორკსა და მადრიდში.

4. მარკ ცუკერბერგი – 75,3 მილიარდი დოლარი
Facebook-ის გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა საიტი 13 წლის წინ დააფუძნა, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა. ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა გადაწყვიტეს საკუთარი ქონების 99% გარდაცვალებამდე დახარჯონ.

3. უორენ ბაფეტი – 87,6 მილიარდი დოლარი
წარმატებული ინვესტორი უორენ ბაფეთი Berkshire Hathaway-ის გენერალური დირექტორია. Berkshire Hathaway-ის 60-მდე კომპანია ეკუთვნის. ბაფეტი მილიარდერი 32 წლის ასაკში გახდა. 2010 წელს ბაფეტმა და ბილ გეითსმა დადეს პირობა, რომ სულ მცირე საკუთარი ქონების ნახევარს ქველმოქმედებაში დახარჯავენ.

2. ბილ გეითსი – 91,8 მილიარდი დოლარი
1975 წელს ბილ გეითსი Microsoft-ის თანადამფუძნებელი გახდა და ამავდროულად კომპანიაში ტექნოლოგიების საკითხებში მრჩეველად და „ბორდის“ წევრად მუშაობდა. გეითსმა ინვესტიციები ჩადო კანადის ეროვნულ რკინიგზაში, AutoNation-ში და ა.შ. საკუთარ მეუღლე მელინდა გეითსთან ერთად მან დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი Bill & Melinda Gates Foundation.

1.ჯეფ ბეზოსი – 104,1 მილიარდი დოლარი
Amazon.com-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი კომპანიაში დაახლოებით 17%-იან წილს ფლობს. 2013 წელს მან 250 მილიონ დოლარად Washington Post იყიდა. მას ასევე ეკუთვნის კოსმოსური სატრანსპორტო კომპანია Blue Origin. 2017 წელს ბეზოსის შემოსავალმა 19,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
წყარო: bpn.ge

Comments
Loading...