უზარმაზარი ქალაქი-მოჩვენება, სადაც ყველაფერია… ადამიანების გარდა

არქიტექტურული შედევრი, 2 მილიონ მცხოვრებზე გათვლილი ქალაქი კანგბაში (kangbashi), დაახლოებით, ათი წლის წინათ ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე უდაბნოში აშენდა. იქაურობა მშვენიერ საცხოვრებელ ადგილად უნდა ქცეულიყო, მაგრამ 2009 წელს მსოფლიო მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კანგბაში უკაცრიელია და ქალაქ-მოჩვენებად იქცა. ეს ამბავი მსოფლიოს Al jazeera-ს ჟურნალისტმა და Time magazine-ის ფოტორეპორტიორმა მსოფლიოს ამცნეს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბევრმა გაიხსენა, რომ სპეციალისტები უდაბნოში აგებული 2-მილიონიანი ქალაქის პროექტს თავიდანვე მკვრადშობილად და უტოპიურად მიიჩნევდნენ.

როგორც გაირკვა, მშენებლობის პირველი ხუთი წელი ცენტრალური რაიონების მშენებლობას დასჭირდა.
აქ განთავსებულია გრანდიოზული სამთავრობო შენობები, მსოფლიოს დონის მუზეუმები, ულამაზესი ოპერის თეატრი, ბიბლიოთეკა და კომერციული საცხოვრებელი სახლები.
საცხოვრებელ ბინებზე მაღალი ფასისა და იმის გათვალისწინებით, რომ სკოლები და საავადმყოფოები მხოლოდ ქალაქის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ აშენდა, კანგბაშში ცხოვრება არავის სურდა.

მოგვიანებით, ყველაზე მამაცებმა ქალაქ-მოჩვენებაში დასახლება დაიწყეს, თუმცა, ამ დროისთვის ორ მილიონ მცხოვრებზე გათვლილ ქალაქში მხოლოდ 100 000 ადამიანი ცხოვრობს.

დაუჯერებელია, მაგრამ უზარმაზარ საცხოვრებელ სახლებში მდებარე ცარიელი ბინების 80-90% გაყიდულია, თუმცა ბინის მფლობელები დასახლებას არ ჩქარობენ. ვიღაცისთვის ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა, ვიღაცისთვის „ყოველი შემთხვევისთვის“ ნაყიდი სახლი.

კანგბაშის არაპოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი მისი წარუმატებელი პროექტირებაა – სამთავრობო შენობები სამუშაო ადგილებისგან ძალიან დაშორებულია. საერთოდ, კანგბაშის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი შენობებს შორის უზარმაზარი მანძილია.
ქუჩების სიგანე 40 მეტრია, ხოლო გზაჯვარედინები ერთმანეთისგან თითქმის ნახევარი კილომეტრით არის დაშორებული. ასეთი მანძილი ძალიან მოუხერხებელია. წარმოიდგინეთ, სადილობისას პური რომ შემოგაკლდეთ,  მოსატანად რამდენიმე კვარტალის გავლა მოგიწევთ.

ძალიან უნდა ეცადოთ, რომ ქალაქ-მოჩვენებაში სეირნობისას ადამიანი ან ავტომანქანა დაინახოთ. აქ კანტიკუნტად მოჰკრავთ თვალს საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ფორთოხლისფერ უნიფორმაში.

ჩინეთის ხელისუფლება უზარმაზარ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ კანგბაში გადაარჩინოს, თუმცა ჯერჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.

ავტორი: ნელი თორდია

წყარო: http://funtime.ge

Comments
Loading...