უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის გაძევება კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან სასამართლოს საჩივრით მიმართა და ირწმუნებოდა, რომ პოლონეთში მისი გაძევება უკანონო იყო. გადაწყვეტილება 19 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური თავის facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

“სააკაშვილმა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მოითხოვა, რომ პოლონეთში 2018 წლის 12 თებერვალს მისი  რეადმისია უკანონოდ აღიარებულიყო.

“უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა წინა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილმა უარყო”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, მაგრამ 2017 წელს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა იმ მონაცემების გამო, რომ პოლიტიკოსმა სავარაუდოდ ინფორმაცია დამალა.

პეტრო პოროშენკოს განმარტებით, სააკაშვილმა არ გაამხილა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. 2018 წლის თებერვალში მისი დეპორტაცია განხორციელდა. 2018 წლის თებერვალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევში დააპატიმრეს და პოლონეთში გაგზავნეს.

უკრაინის ამჟამინდელმა ლიდერმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, სააკაშვილის მოქალაქეობა 2019 წლის მაისში დაუბრუნა, რის შემდეგაც იგი 29 მაისს უკრაინაში დაბრუნდა.

Comments
Loading...