უცხოელებს მიწის ყიდვა მხოლოდ დიდი ინვესტიციის ჩადებისას შეეძლებათ

უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალურ აკრძალვას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არ ეთანხმება. მისი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობაზე მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს, თუმცა კანონში მისი გაწერა საქმის იურიდიული ნაწილია.

როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია. თუმცა დანელია არ აკონკრეტებს ინვესტიციის მოცულობას, რომელიც შეიძლება არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.

უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას არასამთავრობო სექტორთან ერთად, ოპოზიციური პარტიებიც ეწინააღმდეგებიან. მათი მთავარი არგუმენტია, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

მათივე განცხადებით, კანონპროექტის მიღება “დააფრთხობს” ინვესტორებს, ხელს შეუშლის სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების გაჩენასა და ზრდას.

თუმცა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დიდი ინვესტიციები უცხოელებზე მიწის მიყიდვით არ შემოსულა, ამიტომ “კონტრარგუმენტაცია, რომ მიწა არის ეკონომიკური აქტივი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი უცხოელებზე გასხვისება, მთავრობისთვის მიუღებელია”.

“დიახ, ეს არის ეკონომიკური აქტივი, თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ჩვენ ამ აქტივის ათვისება ადგილობრივი ეკონომიკური რესურსითაც შეგვიძლია”, – განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს მყარი პოზიცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მიწა არ გასხვისდეს. თუმცა, ამასთანავე, შესაძლებელი იქნება, გაიცეს გრძელვადიანი იჯარა, თუკი საუბარი განსაკუთრებულ პროექტზე, ინვესტიციასა და დასაქმებაზე იქნება.

კითხვაზე, იქნება თუ არა კონკრეტულად განსაზღვრული, რა სახის ინვესტიციაზე გაიცემა იჯარა და რამდენი ხნით, ოთარ დანელია გვპასუხობს, რომ ასე ერთპიროვნული პასუხის გაცემა უჭირს და იჯარის ვადა პროექტის შინაარსზე იქნება დამოკიდებული.

ამასთანავე, აღნიშნავს, რომ “ეს არ არის საბოლოო მოცემულობა, არამედ არის არსებული, მიმდინარე პროცესი, რომელშიც შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს”.

ა/ო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” ფიქრობენ, რომ მთავარია, რა მიზანი აქვს აკრძალვას – თუ მიზანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაცვაა, მათ შორის არადანიშნულებით მისი გამოყენებისგან, გამოფიტვისგან და ა. შ., “მაშინ საქმე მოქალაქეობას არ უკავშირდება, რადგან ვერ ვიტყვით, უცხოელები უფრო მეტად დააზიანებენ მიწას თუ ქართველები”.

“მეორე მხრივ, შეუძლებელია, მიზანი მიწის დაცვა იყოს და ეს უკავშირდებოდეს მისი მესაკუთრის მოქალაქეობას. ხოლო თუკი მიზანი ის არის, რომ უცხოელებს, უბრალოდ, არ მივყიდოთ მიწა, ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მსგავსი ტიპის აკრძალვა არაკონსტიტუციურია”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარმა იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო კომისიას იანვარში “პატრიოტთა ალიანსმა” და “დემოკრატიულმა მოძრაობამ” მიმართეს. ორივე პარტია მოითხოვდა, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად აკრძალულიყო, თუმცა მაშინ ამ საკითხის გადაწყვვეტა ვერ მოხერხდა.

ნინი ქეთელაური
გაზეთი “რეზონანსი”

წყარო:bpn.ge
Comments
Loading...