ფეხბურთის ფედერაცია: ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ გურამ კაშიას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა ერთადერთია, რომელსაც გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება ანდეს. სფფ-ს სხვა ხელმძღვანელი პირები მონაკოში იმყოფებიან, სადაც გურამ კაშია, ხვალ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, EqualGame Award-ით უნდა დააჯილდოვოს.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის და პირველ რიგში, გურამისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია, რა თქმა უნდა, უცვლელია. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს მის ამ გადაწყვეტილებაში და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საგულისხმოა ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მოსალოდნელი მატჩების ფონზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მატჩების ორგანიზების საკითხი და უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული იქნება სათანადო დონეზე და ჩვენ, დღეს, როგორც ფედერაცია, ასევე გუნდი, ვფიქრობთ მხოლოდ სპორტულ შედეგზე“, – განაცხადა ნიკა ჯღარკავამ.

 

Comments
Loading...