ფიქრები წმინდა ილია მართალზე

საქართველოს უგვირგვინო მეფის ილია ჭავჭავაძის ვერაგულ მკვლელობასთან დაკავშირებით თანამედროვე ქართული პოეზიის მეფემ გალაკტიონ ტაბიძემ ბრძანა: „წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“...

დიახ, წმინდა ილია მართლის ცხოვრება არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრება – მისი სიცოცხლე იყო „გოლგოთა“, ხოლო სიკვდილი „ჯვარცმა“.

ილია ჭავჭავაძე უდიდესი მოვლენაა საქარველოს ისტორიაში. მისი ბუმბერაზი ფიგურა მზესავით კაშკაშებს მშობლიური ქვეყნის კაბადონზე.

ილია ჭავჭავაძის სახით თანამედროვეობის წინაშე დგას ის ადამიანი, რომლის დახასიათებასაც თვით ილია იძლეოდა, როცა ამბობდა: „ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს ამ ტალღამ, მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის ძნელია. შორსმხედველობა, დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა“…

სწორედ ასეთი გენიოსი გახლდათ ილია ჭავჭავაძე, რომელიც ტიტანივით წამოიმართა XIX საუკუნის 60-იან წლებში და დღესაც ასევე დგას ჩვენს წინაშე.

2 აგვისტო წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა, მისი აპოთეოზია. ჩვენ, მადლიერი ქართველობა ქედს ვიხრით დიდებული წინაპრის ნათელი ხსოვნის წინაშე და მოწიწებით შევყურებთ ყველა იმ წმინდა ადგილს, ილიას სახელთან რომ არის დაკავშირებული.

ასეთი წმინდა ადგილი პირველ რიგში ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმია, რომლის დაარსებიდან დღემდე, ბევრი გაკეთდა საქართველოს დიდი მამულიშვილისა და მოჭირნახულის უკვდავსაყოფად.

ღვთის განგებით ამ წუთისოფელში მუდმივი და სრულყოფილი არაფერია. ვფიქრობ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი მუზეუმის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის, მემორიალური ბაზის სრულყოფისათვის.

ცნობილია, რომ ვაზი ილიას უსაყვარლესი მცენარე იყო. რამდენი რამ აქვს ნაფიქრი და დაწერილი ამ ღვთისგან ფესვნაკურთხ, კეთილშობილ მცენარეზე.

ილია ჭავჭავაძე თბილისიდან მეუღლეს სწერდა: „ოთხ-ხუთს დღეს უკან ყვარელს წამოვალ… ქვევრები დაარეცხვინე, ყურძენი კი არ დააკრეფინო, მე მომიცადეთ“ _ ილიას უყვარდა საკუთარ მამულში რთველი და მასთან დაკავშირებული პროცესები.

ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში, კონკრეტულად ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში სასურველია გაშენდეს რქაწითელისა და საფერავის მცირე ზომის ვენახი, უკეთესია ჭიგოზე. ილიას მამულს დაამშვენებს კარგად მოვლილი ვაზის პატარა ბაღი.

ყოველ შემოდგომას ილიას მარანში მუზეუმის მიერ საჭირო რაოდენობის ყურძენი უნდა იწურებოდეს, კახური ტრადიციული ქვევრის ღვინის დასაყენებლად. ეს იქნება ლამაზი რთველი ყველა თავისი ატრიბუტით. მარანში 40-მდე ქვევრია, თითქმის ყველა დაზიანებული და გამოუსადეგარი. ყურძნის დაწურვამდე და ღვინის დაყენებამდე ეს სერიოზული პრობლემა პერიოდულად უნდა მოგვარდეს სათანადო უწყებებთან შეთანხმებით და ერთობლივი ძალისხმევით.

ზემოთ აღნიშნულის შედეგად, „ილიაობის“ დღესასწაულსა და სხვა ღონისძიებებზე ილიას მუზეუმი საკუთარი ღვინით გაუმასპინძლდება სტუმრებსა თუ ტურისტებს, მათ ექნებათ საშუალება ილიას მარანშივე დააჭაშნიკონ მამაპაპური ქვევრის ღვინო.

სასურველია მუზეუმის ეგიდით ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და საჭიროებისას საპატიო სტუმრებისათვის საჩუქრად მირთმევა. ამასთნ, ბოთლში ჩამოსხმული ღვინის დადგენილი ნორმებით გაყიდვა საგრძნობლად გაზრდის მუზეუმის ბიუჯეტს. ვინ არ შეიძენს ლამაზი ეტიკეტით დამშვენებულ, ბოთლში ჩამოსხმულ „ილიას ღვინოს!?“

საჭიროა ღვინის მარანი შეივსოს ძველი, ილიას ეპოქისათვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო იარაღებით, ხოლო სეზონის შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქტებით.

მჯერა, ჩვენი საზოგადოება მიესალმება, თუ ტრადიციად დამკვიდრდება ილიას მარანში მევენახეების, მეღვინეების, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შეხვედრები, ტრენინგები და სხვა. ამით, პოპულარიზაციასთან ერთად, ნაწილობრივ გაიზრდება მუზეუმის ფულადი შემოსავლებიც.

ილიას მარანი უნდა გახდეს უნივერსალური „საკრებულო“. ის იქნება მუზეუმის ცოცხალი ორგანიზმი.

წისქვილს წლებია წყალი აღარ მიეწოდება, ამის გამო გაჩერებულია და უმოქმედო. აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებების გატარება წისქვილის სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად და ასამოქმედებლად. წყლის გარეშე ხომ ბუნებაში ყველაფერი კვდება. ილიას ეზოში გამდინარე რუს წყალმა მუდმივად უნდა იჩუხჩუხოს.

ილია ჭავჭავაძის მეფუტკრე დანიელ მასლოვი თავის მოგონებებში წერს, რომ ილიას საგურამოს მამულში ორასი სკა ფუტკარი ეწყო. აქედან, 13 სკა უშუალოდ საცხოვრებელი სახლის წინ. ილიას უყვარდა ფუტკრის სკებთან ახლოს ჩამოჯდომა და თვალყურის დევნება ამ საოცარი ქმნილებებისადმი.

ვფიქრობ მისასალმებელია, თუ სიმბოლური თვალსაზრისით 13 სკა ფუტკარი განთავსდება ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სტუმარი სიამოვნებით დააგემოვნებს ილიას მამულის თაფლს.

მუზეუმის მწვანეში ჩაფლულ, ლამაზ ეზოს კიდევ უფრო დაამშვენებდა ახალი ნარგავები; სხვადასხვა სახეობის ხის ნერგები, ბუჩქები, ყვავილები. ჩვენი დიდი წინამორბედის თანამედროვენი გადმოგვცემენ, რომ ილიას უყვარდა კაკლის, წაბლის, თხილის, ცაცხვის ხეები; ყვავილებიდან განსაკუთრებით იასამანი და ხვიარა ვარდი. ილიას კარ-მიდამოში ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს, კენჭიც კი უნდა ყვაოდეს.

საჭიროა, რომ ქველმოქმედი ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუზეუმის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში. მჯერა, მათი თანადგომით ბევრი კეთილი საქმე გაკეთდება მუზეუმში.

მედია საშუალებებთან ურთიერთობა მხოლოდ ილიას საიუბილეო დღეებში საკმარისი არ არის. მუზეუმის შემდგომი განვითარებისათვის მათთან სისტემატური თანამშრომლობაა საჭირო.

მუზეუმს ყოველთვის სჭირდება კვალიფიციური კადრები. იმის გამო, რომ ამჟამად ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის ოცზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ ორია კაცი და ისინიც სამეურნეო მუშაკები, აქცენტი უნდა გაკეთდეს მამაკაცების დასაქმებაზე. ილიას კარ-მიდამოს ფრიად წაადგებოდნენ კარგი „მეველეები“.

მუზეუმში მისულმა დამთვალიერებელმა უნდა იგრძნოს ილია ჭავჭავაძის ღვთაებრივი სიბრძნე. ილიას მაგალითზე მათ უნდა დავანახვოთ და ვასწავლოთ, რაოდენ ფასეულია სამშობლოს სიყვარული, მამულისათვის თავდადება, ოჯახის ერთგულება, კაცთმოყვარეობა, თანადგომა, განათლება, კულტურა, ღირსება, სიკეთე და ა.შ.

ილიას თემა იმდენად დიდია და ამოუწურავი, რომ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, რაც გასაკეთებელია. ჩვენ კმაყოფილების უფლება არა გვაქვს, მოქმედება და საქმის კეთებაა საჭირო.

ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილი, დიდად ნიჭიერი მწერალი ლევან გოთუა უკვდავ „გმირთა ვარამში“ ბრძანებს: „… საქართველოში ყოველი საქმე _ ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა _  საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა რომ სჭირდება ჩვენში“.

მკითხველი დამეთანხმება, რომ ამ ქვეყნად ნებისმიერი კეთილი საქმის კეთებას  სიყვარული სჭირდება; სიყვარული და ბრძოლა. უფალ ღმერთს გამორჩეულად უყვარს კეთილი საქმისათვის მებრძოლი გულიანი ადამიანები.

ბიბლია გვმოძღვრავს: „ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს“.

რაც ვიფიქრე, ვიჯახირე და გადმოგეცით მაღალფარდოვანი და ლიტონი სიტყვები არ არის. ეს სიტყვები წმინდა ილია მართლის თაყვანისმცემელი კაცის სიტყვებია, ჩემი ცხოვრების მიზანია, ჩემი მრწამსი.

ჩვენივე კეთილდღეობისათვის ვიფიქროთ ილია ჭავჭავაძეზე.

„მარად და ყველგან“ გვახსოვდეს ილია!

დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

 

ავტორი:

ოთარ დავითაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის „მედია-ცენტრის“

დირექტორის მოადგილე, ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი.

Comments
Loading...