ქალს ათამდე ჭრილობა აქვს – თბილისში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები

ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა, ამ დროისათვის კლინიკა “ჰელსი კორშია” მოთავსებული და არსებული ინფორმაციით, ათამდე ჭრილობა აქვს მიყენებული. სხვა ინფორმაცია კლინიკას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება მომხდარს. დაახლოებით 1 საათის წინ, თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილმა ქმარმა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა.

როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, ცოლ-ქმარს შორის ხშირი იყო კონფლიქტი, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გარდა ამისა, ქალის ცემისთვის ქმარი დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოთი გამოუშვა. ცნობილია ისიც, რომ ძალადობაში ბრალდებულს ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კაცი ნარკომომხმარებელია და ყოფილ ცოლს ხშირად სთხოვდა ფულს.

შსს-მ ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი შემთხვევიდან მალევე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

“მთავარი არხი”

 

Comments
Loading...