ქართული თევზი ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ცხოველური წარმოშობის რიგით მეხუთე პროდუქტი, რომლის ევროკავშირის ბაზარზე შეტანის უფლებას საქართველო მოიპოვებს, აკვაკულტურა იქნება. აკვაკულტურა კონტროლირებად პირობებში წყლის ორგანიზმების (თევზების, მოლუსკების, წყალმცენარეების) მოშენებას გულისხმობს.  ამ დრომდე საქართველოდან ცხოველური წარმოშობის ორი არასასურსათო (ტყავი, მატყლი) და ორი სასურსათო (თაფლი, ქაფშია) პროდუქტის ევროკავშირში შეტანაა ნებადართული.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტის ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ქვეყნის დამატება მესამე ქვეყნების სიაში, საიდანაც ასეთი პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელია.

ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტის ექსპორტის მოთხოვნები ვრცელდება აკვაკულტურებზე და ამასთანავე დადგენილია გარკვეული სპეციფიური მოთხოვნებიც.  კერძოდ, ცოცხალი თევზი, ქვირითი და ორსაგდულიანი მოლუსკები ჯანმრთელების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგებით უნდა დადასტურდეს. სურსათის ეროვნული სააგენტო უნდა იძლეოდეს გარანტიას, რომ პროდუქტი და  მისი წარმოება ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნებს შეესაბამება.

ევროკავშირში ექსპორტის უფლების მოსაპოვებელი პროცედურები ასეთია:

  • სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორატში (DG SANTE) ;
  • DG SANTE  სეს-ს უგზავნის კითხვარს, რომელიც კანონმდებლობას, სეს-ის შესაძლებლობებს, ჰიგიენას და სხვა ელემენტებს ეხება;
  • სეს-ი ავსებს კითხვარს და  DG SANTE-ს უგზავნის;
  • აღიარებისთვის, ამავე ეტაპზე, სეს-მა ევროკომისიას უნდა წარუდგინოს ნარჩენების მონიტორინგის გეგმა;
  • წარდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდეგ ევროკომისიას შეუძლია ადგილზე შემოწმების განხორციელება. ადგილზე შემოწმება სავალდებულოა მაღალი რისკის პროდუქტების – კიბოსნაირების მიმართ;
  • ამ პროცედურების შემდეგ DG SANTE წარადგენს რეკომენდაციას, რომ ქვეყანა დაემატოს მესამე ქვეყნების პოზიტიურ სიას, ასევე წარადგენს სეს-ის მიერ გადაგზავნილ აღიარებული საწარმოების ნუსხას.
  • ბოლო ეტაპზე კი გადაწყვეტილებას ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იღებს.

FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ბოლო კვლევების მიხედვით, თევზის წარმოება მსოფლიოში ბოლო 50 წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება.  თუ 60-იან წლებში საშუალო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 9,9 კგ იყო, 2012 წელს ის 19,2 კგ-მდე გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, თევზეულზე მოთხოვნა-მიწოდება 2022 წლამდე,  დაახლოებით, ორჯერ მოიმატებს.  მისი  ყველაზე დიდი მომხმარებლები და იმპორტიორები  ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ და იაპონიაა. ბოლო წლებში ევროკავშირში თევზპროდუქტების  იმპორტმა 47 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტი პოპულარობით ზღვებისა და ოკეანის თევზეული სარგებლობს, განვითარების პოტენციალი აკვაკულტურასაც აქვს, ღია წყლებში თევზეულის შეზღუდული რესურსების გამო. აკვაკულტურის წილი საერთო რეწვაში სულ უფრო იზრდება და 42%-ს შეადგენს.  აქედან ნახევარი 54%-ი მოდის აზიაზე და მხოლოდ 18%-ის წარმოება – ევროპაზე.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში   ქართულ პროდუქციას უზარმაზარ ბაზართან წვდომის საშუალება მიეცა. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ თევზეულის ექსპორტში განვითარებადი ქვეყნების წილი შესამჩნევად იზრდება და უკვე ნახევარს აჭარბებს. მათი დაწინაურება პროდუქციაზე დაბალმა ფასებმა და განვითარებულ სახელმწიფოებში საბაჟო ტარიფების შემცირებამ განაპირობა. ძვირმა სამუშაო ძალამ და გარემოს დაცვაზე არსებულმა მკაცრმა რეგულაციებმა  ევროკავშირში თევზის წარმოება არაკონკურენტუნარიანი გახადა და დარგის სტაგნაცია გამოიწვია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროპაში ექსპორტირების  შანსი უჩნდება იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში აკვაკულტურების დარგი სათანადოდ განვითრდება.

ევროკავშირის მიერ საქართველოს აკვაკულტურების აღიარების შემდეგ, მეწარმეებს ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაეხსნებათ 500 მილიონიანი ბაზრის სახით, თუმცა ქართველ მეწარმეებს ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტს არჩილ ფარცვანიას აზრით, წყლის რესურსების გამო აკვაკულტურას განვითარებას პერსპექტივა აქვს, ამას გარდა,  ადგილობრივი ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული და აკვაკულტურების წარმოების ზრდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხითაც აუცილებელია: „თუ გავითვალისწინებთ იმ წყლის რესურსებს, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში,  ეს აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 19 კილოგრამი თევზი. საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით კი სასურსათო კალათაში 14,4 კგ თევზი არის განსაზღვრული. ბოლო აღწერის მიხედვით, ჩვენი მოსახლეობა  3 700 000 ადამიანს შეადგენს და რომ გავამრავლოთ ეს 14,4 კილოზე, გამოდის, რომ  წელიწადში გვჭირდება 53 ათასი ტონა თევზი. ჩვენ კი მოხმარება გვაქვს სულ 30 ათასი ტონა, საიდანაც მაქსიმუმ 5 ტონამდე ჩვენ ვაწარმოებთ. იმპორტირებული თევზის რაოდენობა ძალიან მაღალია. ეს ფაქტი პრობლემაა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით. მინიმუმ 50%-ს მაინც უნდა ვაწარმოებდეთ“, – აცხადებს არჩილ ფარცვანია.

„ნიკორა“-ს შვილობილი კომპანია „აგია“ ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში საკალმახე მეურნეობას ფლობს, რომელიც 1 ჰექტარზეა განლაგებული. კომპანიის იხტიოლოგი რეზო ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ შიდა ბაზარზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ ჯერ ექსპორტზე არ ფიქრობენ, თუმცა მომავალში არც ევროკავშირის ბაზარზე იტყვიან უარს: „ამჟამად ყველაზე დიდი საკალმახე გვაქვს, წელიწადში 300 ტონას ვაწარმოებთ, და კიდევ 50 ტონით მეტ წარმოებას ვგეგმავთ. ჩვენი პროდუქცია „ნიკორა“-ს ქსელში „კარფურში“ და სხვა ადგილებში იყიდება. რა თქმა უნდა, მომავალში ვიმუშავებთ ექსპორტზე თუ გარე ბაზარზე უფრო მეტი მოგების მარჟა გვექნება, მაგრამ ჯერ საქართველოს ბაზარი ბოლომდე არ არის ათვისებული. რეალურად არ გვაქვს ინფორმაცია ევროკავშირის ბაზარზე, რთული წარმოსადგენია, რომ ტოვებ ქართულ ბაზარს, სადაც არის მოთხოვნა და მიდიხარ ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი“.

ფერმერ ზურაბ მაისურაძეს თევზის წარმოება15 ჰექტარზე აქვს. გასულ წელს ისრაელში ექსპორტირების შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ექსპორტი ვერ განახორციელა.  მაისურაძე ლოქოს ლიფსიტს  აზერბაიჯანში ყიდის, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და ევროკავშირში არსებულ მოთხოვნაზე ინფორმაციაც არ აქვს : „მე წელიწადში 40 ტონამდე ტბის თევზს, კერძოდ კი კობრს, ამურს, სქელშუბლას და ლოქოს ვაწარმოებ. შარშან მქონდა მცდელობა ისრაელში კობრის გატანის. ხელი შეგვეშალა, სერტიფიკატი ვერ ავიღეთ. აზერბაიჯანიდან არის ლოქოს ლიფსიტზე ძალიან დიდი მოთხოვნა. ერთ 100 გრამიან ლიფსიტში ​5 ლარს იხდიან. წელიწადში ერთ პარტიას ვყიდი აზერბაიჯანში. თელავში 2 მაღაზია გვაქვს და ასევე ადგილიდან გადამყიდველებს მიაქვთ მთელი თბილისის მასშტაბით. კილოგრამს 8 ლარად ვყიდით. არ ვიცი კობრი და სქელშუბლა სარგებლობს თუ არა პოპულარობით ევროკავშირში. ევროპაში კალმახი უფრო პოპულარულია, თუმცა მე თვითონ კალმახი ცოტა რაოდენობით მყავს“, – ამბობს მაისურაძე.

თევზის საერთაშორისო ვაჭრობაში დიდი წილი, როგორც მაღალფასიან სახეობებს, მაგალითად, ორაგულს, სიბასს, კრევეტებსა და სხვა მოლუსკებს, ასევე შედარებით იაფფასიანს, ტილაპიას, სომს, პანგასიუსსა და კობრს უკავია. ამ უკანასკნელზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მისი ძირითადი მწარმოებლები აზია და სამხრეთ ამერიკაა. ასევე აღსანიშნავია, რომ კალმახი „ცისარტყელას“ საცალო ფასი, ევროპაში, მაგ. საფრანგეთში  „კარფურის“ ქსელში 16 ევროს აღემატება (გასუფთავებულის და დაფასოებულის).

როგორც ირკვევა, ტბის თევზი და კალმახი ევროპაში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია, მაგრამ ქართული აკვაკულტურის პროდუქტები აღიარების გარეშე ევროკავშირის ბაზარზე ვერ მოხვდება. იმისთვის, რომ აღიარების გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს, პირველ რიგში დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაა საჭირო.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოდან ევროკავშირში აკვაკულტურების პროდუქტების ექსპორტის უფლების მოპოვებისთვის სამოქმედო გეგმა აქვს, სადაც რეგულაციების დაახლოების ბოლო ვადად 2022 წელია განსაზღვრული.

Comments
Loading...