ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების მაჩვენებელი 2020 წელს რეკორდულად მაღალია

გლობალური დათბობის საგანგაშოდ სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე ბევრი სახელმწიფო და ცალკეული ადამიანები ნავთობზე და ქვანახშირზე ელექტროდამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. შესაბამისად, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

2020 წლის პირველ ნახევარში ქარის და მზის ენერგიამ გლობალური ელექტრომიწოდების 10% შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში ქვანახშირის გამოყენება უფრო და უფრო არაპოპულარული ხდება.

ახალი მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ენერგომოთხოვნილება მნიშვნელოვნად შემცირდა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებით წელს, იანვარი-ივნისის პერიოდში საათში 1 129 ტერავატის ენერგია გამომუშავდა. წინა წელს ეს ნიშნული მხოლოდ 992 ტერავატზე იყო.

2015 წელს განახლებადი ტექნოლოგიებით გამომუშავებულმა ენერგიამ, მსოფლიო ელექტრობის 4,6% შეადგინა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. ამასობაში, წელსვე წინა წელთან შედარებით ქვანახშირის მოხმარება 8,3 პროცენტით შემცირდა.

განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ მოწინავე პოზიცია ევროკავშირს უჭირავს, სადაც ენერგიის 21-33 პროცენტი ეკოლოგიურად სუფთა გზებით იწარმოება.

პარიზის კლიმატის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნები ემისიების შემცირებას ცდილობენ ისე, რომ ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსს ან უკეთეს შემთხვევაში 1,5 გრადუსს არ აღემატოს.

ამის მისაღწევად, გაეროს მონაცემებით, ამ ათწლეულში ემისიები 7,6%-ით უნდა შემცირდეს.

ექსპერტების თქმით, ქვანახშირის გამოყენება ამ ათწლეულში ყოველ წელს 13 პროცენტით უნდა შემცირდეს, თუ გვინდა, რომ პარიზის შეთანხმების გეგმას მივაღწიოთ. ქვანახშირით მთავარი დამბინძურებელი ჩინეთია, რომელმაც წელს ქვანახშირის მოხმარება მხოლოდ 2%-ით შეამცირა.

პარიზის შეთანხმების მისიის შესასრულებლად, ჩინეთისგან და სხვა ქვეყნებისგანაც ემისიების უფრო რადიკალური შემცირებაა საჭირო.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...