ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ფოთში ჩააბრძანეს

დღეს ფოთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, ქეთევან დედოფლის ხატი და ნეშტის ნაწილები მოაბრძანეს. სიწმინდეებს ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლები ქალაქის შემოსასვლელთან დახვდნენ და პატრულის ექსკორტის თანხლებით საკათედრო ტაძრამდე მოაცილეს.

ქეთევან დედოფლის სიწმინდეები საკათედრო ტაძარში 12 ნოემბრამდე იქნება დაბრძანებული და მასთან მიახლოება მრევლსაც შეეძლება.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა პარაკლისი გადაიხადა, დედოფლის წმინდა ნაწილები მოილოცა და ტაძარში შეკრებილები დალოცა.

„წმინდა ნაწილების მოგზაურობა, ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებაში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ამ პრაქტიკის უკან დიდი შინაარსი დგას, რომ ადამიანები მიეახლონ სიწმინდეებს და მიიღონ თვალისთვის უხილავი მადლი. ადამიანს სულიერ პრობლემებთან დაპირისპირებაში გაძლიერება სჭირდება, თუმცა ეს ადვილი არ არის, რომ არა ღმერთის რწმენა და იმედი, შეუძლებელი იქნებოდა დაუზიანებლად ამ წუთისოფლის გავლა, ამიტომ ყოველგვარი გამოწვევის წინაში მუდამ ფხიზლად უნდა იყოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და საქართველოს ეპარქიებში ექვსი თვის მანძილზე იმოგზაურებს.

Comments
Loading...