ქუთაისიდან WizzAir-ის 19 საჰაერო მიმართულება უქმდება

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან მიმართებაშიც იცვლება.

სააგენტო www.aviation24.be ტვიტერის მომხმარებელ @SeanM1997-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზირებული საჰაერო ხომალდების შემცირების გამო (წყაროს ინფორმაციით სამი თვითმფრინავის მაგივრად ქუთაისის აეროპორტში 2 გააგრძელებს ბაზირებას) ავიაკომანიამ, ბოლო დღეების განმავლობაში, ბილეთების დაჯავშნის სისტემიდან ქუთაისის მიმართულებაზე ბევრი მარშრუტი ამოიღო, მათ შორის არ იძებნება შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულება.

წყაროს ინფორმაციით ეს მიმართულებებია: ნიცა, სტოკჰოლმი, ტურკუ, ჰერაკლიონი, კარსლრუე/ბადენ-ბადენი, ნიურბერგი, ვენეცია, პიზა, ნეაპოლი, ლონდონი (ლუტონი), კიოლნი, კოპენჰაგენი, ეინდჰოვენი, ბარსელონა, ბარი, პარიზი (ბოვე), ბრიუსელი (შარლერუა), ფრანქფურტი, ჰამბურგი.

გარდა ამისა, მილანის, ტირანას, ლარნაკასა და ლვოვის 4 ახალი ბაზის დაფუძნების გადაწყვეტილების გამო, ავიაკომპანიას დასჭირდა რამდენიმე თვითმფრინავის დამატება აღმოსავლეთ ევროპიდან. შესაბამისად, ავიაკომპანია ამცირებს თვითმფრინავების რაოდენობას ზოგიერთ ბაზაზე: ბუდაპეშტში (15-დან 13-მდე), ვარშავა (8-დან 7-მდე), კატოვიცესა და გდანსკში (7-დან 6-მდე), კლუჟ ნაპოკაში (7-დან 5-მდე), სკოპიეში (5-დან 4-მდე), კიევი ჟულიანიში (4-დან 3), ქუთაისში, ტიმიშორასა და ვილნიუსში (3-დან 2), ხოლო კრაიოვაში, დებრეცენში, სიბიუსა და ვროცლავში (2-დან 1).

Comments
Loading...