ყვავილების სამეფო დედამიწაზე – ვმოგზაურობთ „ევროპის პარკში“ (ფოტო)

კიოკენჰოფი – ნაციონალური სამეფო პარკი ნიდერლანდებში, რომელსაც ევროპის ბაღსაც უწოდებენ. პარკი ტიტების უდიდესი პლანტაციებით არის ცნობილი, ასევე ყოველწლიური ყვავილების გამოფენით შეიძლება საუკეთესო შთაბეჭდილებების შექმნა. ყვავილობის პერიოდში, პარკს მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ბაღი გაშენებულია 32 ჰექტარის ფართობზე და ქალაქ ლისესთან ახლოს მდებარეობს, ჰააგასა და ამსტერდამს შორის. ბაღში 100 სახეობის 4,5 მილიონ ტიტას შეხვდებით. პარკის ტერიტორიაზე სამ ორანჟერიეს მოინახულებთ: ერთ-ერთ მათგანში ნარცისები და ტიტები ყვავის, მეორეში ორქიდეები, მესამეში კი ვარდები.

პარკი ცნობილმა ჰოლანდიელმა ლანდშაფტის არქიტექტორებმა დააპროექტეს 1940 წელს. ყვავილების პირველი გამოფენა 1949 წელს ჩატარდა. ევროპის ბარში მრავალ ტბას, რუს, ნაკადულს, ჩანჩქერსა თუ შადრევანს შეხვდებით. აქ მუშაობს კაფეები და რესტორნები, ასევე სუვენირებისა და ყვავილების დახლებითაც გაირთობთ თავს, სადაც შეძლებთ ტიტებისა და სხვა მცენარეების ბოლქვების შეძენას.

ყოველი წლის აპრილის მიწურულს ბაღში ტარდება ყვავილების გამოფენა „Bloemencorso Bollenstreek“. ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის პარკი მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდეა ღია.

პარკში შესასვლელი ბილეთის ღირებულება

პარკში შესასვლელი ბილეთის ღირებულება ყოველწლიურად იცვლება. 2015 წელს მისი ღირებულება 16 ევროს შეადგენდა, 13.50 ევროს ჯგუფებისთვის, 8 ევროს 4-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის. 3 წლამდე ასაკის ბავშვების შესვლა ევროპის ბაღში კი უფასოა. ბილეთის შეძენა შესაძლებელია ბაღის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ამ ბმულზე. სეზონისთვის აქტუალური ფასები კი იხილეთ ამ ბმულზე.

როგორ მივიდეთ კიოკენჰოფამდე

პარკი ჰააგასა და ამსტერდამს შორის მდებარეობს, ბოლენსტრეკის რაიონში. მისვლა შესაძლებელია ავტომობილით A44 გზის გავლით.

ამსტერდამიდან ევროპის ბაღში მოხვედრა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც არის შესაძლებელი: სპეციალური ავტობუსით – Keukenhof Express, რომელიც დამრაკის ქუჩაზე დგას და დღის განმავლობაში 34 რეისი სრულდება.

ასევე ლეიდენიდან პარკის მიმართულებით სამარშუტო ტაქსი № 854-იც მიდის. რეგულარული რეისები სრულდება ჰარმელიდან, ნორდვიკიდან, ლისედან და სხვა რეგიონებიდანაც.

სასიამოვნო და ულამაზესი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ!

 

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...