“ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ” – ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში დაღუპული არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

Feeds–ის დამფუძნებლის, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში შენობის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს „ნიკოს სტიპენდიას“ დაუნიშნავს. ამის შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების. ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა – „ნიკოს სტიპენდიაა“. ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ „ნიკოს სტიპენდიას“, რომლითაც, იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ”, – ოჯახის აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს.

Comments
Loading...