შალვა ნათელაშვილი: სიგარეტის მოწევა აკრძალეს და ნარკოტიკს სადაც გინდა გააბოლებ

„საქართველოში დაიწყო ოპიუმისგან ჰეროინის წარმოება დარიშხანის დამატებით, ეს უკვე ტყვიაა შუბლში ახალგაზრდისათვის, იმიტომ, რომ პირველივე მიღება იწვევს სამუდამო შეჩვევას და მისგან განკურნება არის გამორიცხული“, – ამის შესახებ „ლეიობრისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა და მოხმარება სრულიად უკონტროლოა.

„ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლე , ჩვენი შვილების ბედი სერიოზულ საფრთხეშია, ჩვენი შვილების მკვლელი ივანიშვილის ნარკო-მაფიოზური ოჯახია, ქვედა რგოლები მისი თანამონაწილეები არიან. აი რა იცის გარეპვამ – ხელები შორს ნარკომომხმარებლებისაგან, არიქა ნარკოლიბერალიზაცია.

ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოწიონ ნარკოტიკი და არავითარი სასჯელი აღარ არსებობს. ამ დროს სიგარეტის მოწევა კონკრეტულ ადგილებში აკრძალულია, მათ შორის კაფეებში, რესტორნებში, გააკოტრეს, გააღატაკეს ხალხი, იქ მომხმარებელი ძირითადად შედიოდა, რომ ყავასთან ერთად მოეწია, კაზინოებში დაუშვეს სიგარეტის მოწევა, იმიტომ, რომ კაზინოები მათია, ნარკოტიკს კი სადაც გინდა გააბოლებს, ვინც გინდა გააბოლებს, ნებისმიერი თანამდებობის პირი, არავითარი შეზღუდვა არ არის. საქმე გვაქვს უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულთან. ვპირდები ბიძინა ივანიშვილს, მე ვიქნები მისი მბრალდებელი სასამართლოზე.

ყველაზე დიდი ომი, რაც საქართველოს ისტორიაში ყოფილა, დღესაა. ეს არის ომი თეთრ სიკვდილთან, ნარკოტიკებთან, ამ ომში ჯერჯერობით ივანიშვილ-მამაცაშვილ-მაშკევიჩის კლანია გამარჯვებული და დამარცხებულია ჩვენი ხალხი“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

 

Comments
Loading...