შარლ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

„მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.

ასევე, მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშლთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად სიტუაციის დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოში სტაბილური ვითარების, მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე სრული თანხმობა გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...