შესაძლოა,ესპანეთი პირველ ივლისს ტურისტებისათვის გაიხსნას

ესპანეთის მთავრობა არ გამორიცხავს, ​​რომ ქვეყანამ ტურისტების მიღება პირველი ივლისიდან დაიწყოს. ამის შესახებ ესპანეთის ტრანსპორტის, მობილურობისა და ურბანული განვითარების მინისტრმა ხოსე ლუის აბალომ განაცხადა.

“მონაცემები პანდემიის შესახებ და ის ტემპები, რომლითაც შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას ვახორციელებთ, იმაზე მოწმობს, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის შესაძლოა პირველ ივლისს, ან უფრო ადრე გაიხსნას”, – განაცხადა მან. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს უსაფრთხო მარშრუტების შექმნაზე.

პანდემიის გამო ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. ესპანეთში ინფექციის გავრცელების დაწყებიდან მოყოლებული დღემდე, გამოვლენილია კორონავირუსის ინფექციის თითქმის 240 ათასი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 27 127 პაციენტი. მარტის შუა რიცხვებში ესპანეთში დაინერგა საგანგებო რეჟიმი ახალი ტიპის კორონავირუსული დაავადების გავრცელების გამო. ამ ეტაპზე კი, ვინაიდან ესპანეთში კორონავირუსის გავრცელება იკლებს, სამეფოს მთავრობა თანდათანობით ამსუბუქებს შემზღუდავ ზომებს.

ესპანეთში, საზღვარგარეთიდან ჩასულმა ყველა პირმა უნდა გაიაროს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი. სამეფოს მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს, რომ ეს წესი შეიძლება გაუქმდეს პირველ ივლისს.

Comments
Loading...