შესაძლოა, ტრამპმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს აშშ-ში შესვლა აუკრძალოს

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისა და აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას. ამის შესახებ New York Times წერს.

მათივე განმარტებით, ადმინისტრაცია ასევე განიხილავს აშშ-ს ვიზების გაუქმების შესაძლებლობას ჩინეთის კომუნისტური პარტიის იმ წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც უკვე იმყოფებიან შეერთებულ შტატებში. გაზეთის ცნობით, ამის განხორციელება ძალიან რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას 92 მილიონი წევრი ჰყავს. 2018 წელს შეერთებულ შტატებში ჩინეთის თითქმის 3 მილიონი მოქალაქე შევიდა; ამერიკის ხელისუფლებამ არ იცის მათი უმეტესი ნაწილის ადგილმდებარეობა.

გამოცემის ცნობით, წინადადებები შეტანილია პრეზიდენტ ტრამპის განკარგულების პროექტში. ამ დოკუმენტს მხარს უჭერს ემიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონი და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

ოთხშაბათს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა ცალმხრივი სანქციების დაწესების შესახებ ჩინეთში ტექნოლოგიური კომპანიების ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ, რომლებმაც, შეერთებული შტატების ხელისუფლების დასკვნის თანახმად, ადამიანის უფლებები დაარღვიეს. როგორც პომპეოს განცხადებაშია განმარტებული, ემიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, უცხოელის ჩასვლა აშშ-ში დაუშვებელია, თუკი ქვეყნის ხელისუფლებას აქვს საფუძველი იმისა, რომ ამ მოქალაქის ქვეყანაში შესვლამ შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონიოს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე.

Comments
Loading...