შუახევი ჰესმა წელს 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასულ წელთან შედარებით

შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის დასაწყისში დაიწყო.

 

ჰესმა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმიდინარე წლის გამომუშავება, სავარაუდოდ 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს გადაჭარბებს, თუ წყალუხვობა  შენარჩუნდება წლის ბოლომდე.

2022 წლის, 12 აგვისტოს მონაცემებით, შუახევიჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 350 მლნ კვტსთ შეადგინა. წარმატებული წელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ჰიდროლოგიამ და შუახევი ჰესის თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკურმა აღჭურვილობამ, რაც გაზრდილი ნაკადის ათვისების და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა.

,,შუახევი ჰესის წარმატებას პირველ რიგში განსაზღვრავს გუნდი, რომელიც ყოველდღიურად, 24/7 მაღალი პროფესიონალიზმით, თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას მიაწოდოს ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის დაგეგმილი გამომუშავება, საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს, თუ წყალუხვობა  შენარჩუნდება წლის ბოლომდე.“ – განაცხადა, შუახევი ჰესის დირექტორმა, ბალა სუბრამანიამ.

შუახევი ჰესი მშენებლობა-ოპერირება განახორციელა ქართულმა კომპანიამ ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“, რომლის მფლობელებსაც წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest-ი და ინდური Tata Power-ი. 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესი წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე მსხვილ ენერგო პროექტს.

,,შუახევი ჰესი არის საუკეთესო მაგალითი ქართულ ენერგეტიკაში – კარგ გუნდს როგორ შეუძლია ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა და წარმატების მიღწევა. შუახევი ჰესი უკვე მესამე წელია ოპერირებს, თითქმის 5%-ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. შუახევი ჰესის მსგავსი სუფთა ენერგიის მწარმოებელი  ობიექტები, ამცირებენ ნახშირორჟანგის გამოფრქვევას გარემოში, რითაც ხელს უწყობენ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნას ათვისებული ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროები, ბუნებრივია,  საუკეთესო ადგილობრივი პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. “ – განაცხადა, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, რაკეშ ნაიკმა.

 

Comments
Loading...