ჩვენ ერთად დავასრულებთ “ქოციანობას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ცემენტის მწარმოებლების თემას ეხმიანება. მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ბიძინა ივანიშვილია.

“დღეს, თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან გამოვიდნენ ცემენტის მცირე მწარმოებლები, ვინაიდან, მთავრობამ დაუწყო მათ შეზღუდვების დაწესება და რეალურად კლავს ამ ბიზნესებს, მაგრამ რატომ ხდება ეს.

სულ ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში ცემენტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია “ჰაიდელბერგ ცემენტის” 50% იყიდა.

როგორც კი ივანიშვილი შევიდა ამ ბიზნესში, დაიწყეს ყველა დანარჩენის გაწევა. ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება ასობით და ათასობით სამუშაო ადგილი მცირე ბიზნესებში, რომელიც აწარმოებს ცემენტს; და მეორე – გაუძვირდება მშენებლებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცემენტის ფასი.

ეს არის მონოპოლია, როდესაც ოლიგარქი, როგორც დიდი ზვიგენი აკვარიუმში პატარა თევზებს ჭამს, ასე ოლიგარქი ყლაპავს პატარა ბიზნესებს.

ეს გააკეთეს ახლა ცემენტზე და იმავეს აკეთებენ ხორბალზე, ვითომ ტურიზმს არ შეუშალოს ხელიო, ხორბლის შემოტანა შეზღუდეს, რატომ – იმიტომ, რომ ტერმინალი, რომელიც არის ფოთის პორტში და რომელთანაც ივანიშვილს ასევე ბიზნესმიმართება აქვს, ის გახდეს ხორბლის შემოტანის მონოპოლისტი, რაც თავისთავად ასევე აძვირებს ხორბლის და პურის ფასს პოტენციურად და ასევე, უამრავ ადამიანს შემოსავლის გარეშე ტოვებს.

აი, ეს ხდება, როდესაც ოლიგარქმა დაადო თათი მთელ ქვეყანას. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე. რადაც არ უნდა დამიჯდეს, მე პირადად ამას გავაკეთებ, რადგან ამ პირობებში საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს.

ამიტომ, ახლა ოცნების ნაცვლად მოქმედების დროა. ჩვენ ერთად დავასრულებთ “ქოციანობას” და გავათავისუფლებთ საქართველოს”, – აცხადებს სააკაშვილი.

 

Comments
Loading...