ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე: ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გადაწევას

ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის შესახებ აცხადებს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ცოტა ხნის გავრცელებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კიდევ ერთ შანსს აძლევს და ამ ეტაპზე ხელშეკრულებას არ გაწყვეტს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ბოლო შანსი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს დიდი ალბათობით ბოლო შანსია კონსორციუმისთვის და რომ სამინისტრო უსასრულოდ ვერ მოახდენს ვადების გადაწევას.

„კი, ვიტყოდი რომ არის ბოლო შანსი, რადგან მოგეხსნებათ, რომ ჩვენ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვავადებთ და ეს უკვე არის მეექვსე გადავადება. ჩვენ უკვე ორი წლით გადავავადეთ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეთანხმების შესრულება. ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გადაწევას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის კონსორციუმს”, ინვესტორის წარდგენის ვადა გუშინ ამოეწურა. ცოტა ხნის წინ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით კი, მთავრობა ამ ეტაპზე უარს ამბობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.

Comments
Loading...