ხაიშელები 1 იანვრამდე ხე-ტყის გატანას შეძლებე

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოადგილე ნინო ვიბლიანთან ერთად ხაიშელებს შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა.

მოსახლეობამ უმთავრეს პრობლემად მოჭრილი ხე-ტყის გატანა დაასახელა.

გუბერნატორის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხე-ტყის გატანას სოფელ ხაიშის მცხოვრებლები 1 იანვრამდე, ეტაპობრივად შეძლებენ. შემდეგ ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება. კერძოდ, ამოქმედდება რეგულაციები, რომლებიც ალექსანდრე მოწერელიას მტკიცებით, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

„ჩვენთვის მოსახლეობის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მათთან მოვედით და ადგილზე გავეცანით არსებულ საჭიროებებს. ვფიქრობთ, რომ ხალხთან დიალოგი აუცილებელია იმისთვის, რომ განვახორციელოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და მათთვის პრიორიტეტული პროექტები“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გუბერნატორის თქმით, მოსახლეობასთან შეთანხმდნენ, რომ მათი კონტაქტი გამჭვირვალე და ხშირი იქნება.

ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ მისი მიზანი ხშირად ჩამოსვლა, პრობლემების დროულად გაცნობა და ხალხის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება იქნება.

 

Comments
Loading...