ხვალ თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ლგბტ ფერებში არ განათდება

დედაქალაქის მერიამ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” განცხადება და 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ლგბტ ფერებში არ განათდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Ipress ავრცელებს.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მშვიდობის ხიდი და ანძა იმ შემთხვევაში ინთება, როცა სახელმწიფო ან ევროკავშირთან დაკავშირებული დღესასწაულებია.

“ცისარტყელის დროშა არის ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერთა სიმბოლო. ფერები ლგბტ საზოგადოების მრავალფეროვნებას გამოხატავს. ცისარტყელის დროშა „დროშების დამამზადებლების საერთაშორისო კონგრესის“ მიერ არის ცნობილი ოფიციალურად.

გამომდინარე იქიდან, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ამ დღეს გააჩნია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობა, ვინაიდან, დაკავშირებულია ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის დაგმობასთან.

იმის გათვალისწინებით, თუ რა უფლებრივ მდგომარეობაში არიან ლგბტ პირები ჩვენს რეალობაში და რამდენად ჰომოფობიურია გარემო მათ მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან ამ საკითხის მნიშვნელობის გაზიარება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება”. – ნათქვამი იყო არასამთავრობოების განცხადებაში.

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...