ჯაფარიძე: საპატრიარქოს განცხადება მორიგი გამოცდა იქნება პარლამენტისთვის

“მორიგი გამოცდა იქნება პარლამენტისთვის – აირჩევენ საღ აზრს, მეცნიერულ მიდგომას და ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებას თუ დაემორჩილებიან ყველაზე ავტორიტეტული ისნტიტუტის მოწოდებას, რომელიც ლევან ვასაძის კონსპირაციულ თეორიებს და ირაციონალურ შიშებს ეფუძნება”,- ასე ეხმაურება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, გუშინ, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხებოდა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენ ხანსაც არ უნდა გაიწელოს ეს ცივილიზაციური კონფრონტაცია, კონკრეტულად ორი რამე დღესვე არის გარდაუვალი:

მარიხუანაზე კონკრეტულად გვაქვს ახალი რეალობა და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. პოლიტიკის მიმართულება უკვე განსაზღვრულია. მარიხუანასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დადო გადაწყვეტილება – ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან მარიხუანას მოხმარების გამო, რადგან ეს არის მისი თავისუფლების ნაწილი.

ცალკე თემაა მძიმე ნარკოტიკები, რომლის მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სოციალური ჯგუფი თუ ინსტიტუტი, მათ შორის არც საპატრიარქოც, რომელიც რაიმე ფორმით ამართლებს მოხმარების გამო ადამიანების საპყრობილეებში წლობით გამოკეტვას. მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი ახლავე. დღესვე. ელემენტარული საღი აზრის საკითხია”,- აცხადებს ჯაფარიძე.

საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა საპატრიარქო ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

Comments
Loading...