1 დეკემბერს დანიშნული თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაიშალა

1 დეკემბერს, პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში დანიშნული თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც ქართველ პაციენტს , ნინო სარიას უნდა ჩატარებოდა, ჩაიშალა.

ამერიკელ გლენ კალდერბანკს, რომელიც ნინოს საკუთარ თირკმელს სრულიად უასაყიდლოდა აძლევდა, გაკვეთის დროს ღვიძლის ციროზის ნიშნები აღმოაჩნდა. ექიმებმა თირკმლის ამოღება გადაიფიქრეს, რადგან ოპერაცია შესაძლებელია კალტერბანკისთვის ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, ნინომ ფეისბუქზე დაწერა, რომ უკანასკნელად გაიკეთა დიალიზი და მეტად აღარ დასჭირდებოდა. დღეს, როცა მას დავუკავშირდით, ის ისევ დიალიზს იკეთებდა.

-გლენი ოპერაციის მერე, ნარკოზიდან რომ გამოვიდა, უკითხავს, როგორ არის ნინოო. როცა უთხრეს, რაც მოხდა, გადარეულა, როგორ არ ამომიღეთ თირკმელიო. სანახავად რომ მივედით, ტიროდა, იმედი მოგეცი და გიღალატე სხვებივითო” -გვითხრა ნინომ.

-იყო შემთხვევა, რომ სხვა შეგპირდა და გიღალატა, ანუ დონორმა გადაიფიქრა?

-დიახ, იყო რამდენიმე შემთხვევა, თუმცა ამის გახსენება აღარ მინდა. ახლა ჩემზე მეტად გლენზე ვდარდობ, საცოდაობა იყო მისი ნახვა, ისე ტიროდა.

ნინო, როგორ მოხდა, რომ ოპერაციამდე ვერ გაიგეს, რომ გლენს ღვიძლზე პრობლემა ჰქონდა? ამერიკაში ასეთი რამ როგორ შეეშალათ?

-წესით არ უნდა შეშლოდათ. ამბობენ, რომ სიმსივნე არ აქვს, ციროზი ყოველთვის სიმსივნეს არ ნიშნავსო. ჟურნალისტები ურეკავენ, მაგრამ ჰოსპიტალი ინტერვიუზე უარს ამბობს . ბიოფსიის პასუხს ელოდებიან და შემდეგ იტყვიან, რეალურად რა ხდება.

-ნინო, გული არ გაიტეხო, ამერიკული მედიის ყურადღება თქვენსკენაა მოპყრობილი. იმედია, ჟურნალისტებიც ჩაერთვებიან და დაგეხმარებიან დონორის პოვნაში.

-კი, ტელევიზიებმა გუშინვე დაიწყეს დონორის ძებნა. იმეილიც გავხსენი მათი თხოვნით. akidney4nina@yahoo.com. ვნახოთ , რა გამოვა. დიალიზს მოვრჩი, ახლა უნდა გამორთონ და მივდივართ გლენის სანახავად. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი . მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

“Glenn you still are my hero”(გლენ შენ მაინც ჩემი გმრი ხარ). ეს მესიჯი ნინომ გლენ კალდერბანკს ფეისბუქზე 12 საათის წინ მისწერა, როცა ნარკოზიდან გამოიყვანეს და უთხრეს, რომ თირკმლის გადანერგვა არ მოხერხდა.

წყარო
postalioni.com

Leave A Reply

Your email address will not be published.