უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში სხვა სოციალური ქსელები Facebook-მა ჩაანაცვლა. Alexa.com-ის მონაცემებით, Facebook პირველ ადგილზეა, ერთ დროს პოპულარული რუსული სოციალური ქსელი ოდნაკლასნიკი კი – მეხუთეზე. Forum.ge საერთოდ 32-ე ადგილზეა.

Facebook-ზე თითქმის ყველა ქართველი ინტერნეტ მომხმარებელია რეგისტრირებული და ყოველი მათგანი ქსელს საკუთარი ინტერნეტ-უნარების შესაბამისად იყენებს.

წარმოგიდგენთ იმ 10 ტიპის ადამიანს, რომელსაც აუცილებლად წააწყდებით Facebook-ზე:

1. ყველაზე ყბადაღებული თემა: საერთო პროფილები

Gio Elene, Shmagi Eplite, Argelodi Cicino, tristanis izolda, sulkhan saba, shota ilia akaki vaja da galaktioni, shreki da fiona, პროფესორი ქვირელი და ვოლდემორი, მე და ტაილერ დერდენი, აბაშიძე კარასინი და სხვა.

ფოტო: LindaDee / imgur

2. ვირუსიანი ტიპები

ხალხი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, რომ ფეისბუქზე დაშეარებულ პორნოს, არ უნდა დააჭიროს ხელი, მერე არ უნდა დააკლიკოს რაღაც მახინჯ საიტზე ამომხტარ ფანჯარაზე OK-ს, არ უნდა შეიყვანოს თავისი პაროლი და იუზერნეიმი და ა.შ. რაც მთავარია, თავად არასოდეს იციან, რომ მათი ფეისბუქი დავირუსდა და ყველას ტაგავენ და აჩვენებენ, რომ რაღაც ბინძურ პორნოზე დასაკლიკად გაექცათ ხელი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხშირად ასეთი ვირუსები მესენჯერში ან რამე სხვა აპლიკაციის საშუალებით ვრცელდება და ყველა დავირუსებული პორნოს არ დასდევს.

ფოტო: deafkitten / imgur

3. სახელობით დღესასწაულებზე ყველა იმ სახელიან ფრენდს რომ ტაგავენ:

“ნინო, ნინჩო, ნინიკო, ნინა, ნინუცა, ნინკა, ნიი, NiNo, nIIIn, ნინული, ნინაკა, ნინუკა, ნინაჩკა…” ბოლოს ნიკაც შეიძლება შემოეტაგოთ და მერე მიდის ტექსტი: “ჩემო საყვარელო (ყველას ერთად მიმართავს), გილოცავ ამ საოცარ დღეს, მინდა სულ გახარებულს და გაღიმებულს გხედავდე, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ჩემო სიცოცხლე!”

ფოტო: MoDisc / imgur

მერე მოდის კომენტარები:

  • “ესმა! დიდი მადლობა, შენს ოჯახთან ერთად გაიხარე!”
  • “ჩემო ლამაზუნა, მადლობა, რომ არ დაგავიწყდი!”
  • “კახა მომიკითხე, საყვარელო და დიდი მადლობა!”
  • “როგორი ყურადღებიანი ხარ, მიყვარხარ და გკოცნი!”
  • “გული გამითბა, ჩემო კეთილო ადამიანო, ძალიან მიყვარხართ შენც და შენი ლამაზი ოჯახი!”

ფოტო: CaptainRam / imgur

“მეც ვუერთდები მილოცვას!” — ეს ვიღაც 45-50 წლის ტიპია, 90-იანების მეწაღის (“საპოჟნიკის” — ხალხ.) ჯიხურის მსგავსი თაიმლაინით, სადაც მხოლოდ მოდელების ფოტოები და ვარდებიანი სურათები აქვს გადაშეარებული, სადაც მსხვილი, წითელი შრიფტით წერია: “поздравляю всех дам с восьмого марта!” – და რაც მთავარია, ეს ფოტო გაზიარებული აქვს 18 აგვისტოს.

ფოტო: FinishedFiber / imgur

4. გამგები გაიგებს ხალხი

ვიღაც კონკრეტულ ტიპზე, რომ წერენ, ვითომ…

  • “არა!” – ერთ სიტყვიანი სტატუსი.
  • “უნამუსობასაც ხო აქვს საზღვარი?”
  • “ყოველდღე მაკვირვებენ ადამიანები. დედას გეფიცებით.”

ფოტო: DrClaww / imgur

მერე აქ, რომელიმე დაქალის, ან ძმაკაცის კომენტარია:
:)))))))))))))))

და ამ კომენტარს აქვს სტატუსის ავტორის რიფლაი, სიცილისგან რომ ცრემლი სდის, ის ემოჯი.

ამავე კატეგორიაში არიან, ბოღმიან და შურიან ადამიანებს რომ ლანძღავენ და კომენტებში ბევრი ადამიანი რომ ამხნევებს, მათ შორის რამდენიმე ბიჭი, რომელიც იცი, რომ თვითონაც მაგარი ცინიკოსი მასტია, მარა ნუ, აი, ძაან უნდა ამ გოგოს დაკერვა და რა ქნას? ამიტომ წერს:

“ნუ უსმენ მაგათ, life goes on!”

ან რამე მიმს უდებენ 9გაგიდან, ან კარტოჩკა.რუ-დან ან რამე ეგეთს.

ფოტო: casuallystalking / imgur

5. გრძელ და პოეტურ სახელებიანი პროფილები

ზურაბ ლეჟავას ნაწარმოების ან კიმ კი დუკის ფილმების სათაურებად რომ გამოდგება, ეგეთი სახელები რომ ჰქვიათ:

  • “მარტოსული რეჰანის მკაფიო არომატი გაზაფხულის შხაპუნა წვიმაში”
  • “ქვაზე დადებული მადლის კვალი”
  • “სპილენძისფერი ფოთლის ფარფატი”
  • “მარწყვის ტოტი შემოდგომის დასაწყისში”
  • “ვაშლის ნარჩენი ბლენდერში გატარების შემდეგ”
  • “ცრემლი ბალახზე, შენ რომ ნამი გგონია”
  • “შავი ზღვიდან შემომავალი მაღალი და დაბალი წნევების კორელაცია”
  • “ჩრდილოეთიდან ამოსული მზის ჩუმი ნათება, რომელიც კრთის დასავლეთის ექოს ბგერებზე”

ფოტო: Rakkfalen / imgur

სხვათა შორის, ბედის ირონიაა, რომ ასეთი პოეტური სახელების მქონე იუზერებს, არასოდეს უკომენტებენ: “შენ უნდა წერო!”

6. რომ უნდა წერონ

ეს კატეგორია ეკლექტურია — ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ლიტერატურა. დაწერენ კილომეტრიან სტატუსს, რომელშიც ხატოვნად აღწერენ რაღაც ყოფით მოვლენას, მაგალითად, როგორ ნახეს სევდიანი კონტროლიორი ავტობუსში. რაღაც ასეთს:

“დღეს, არაფრით გამორჩეული თბილისური, ნამდვილი მაისის, ოდნავ მწვანედ შეფერილი და ბორდოს მარანაში 100 წლის წინ შენახული ღვინის ფერი დილა იყო. ასე მეგონა, თითქოს ნისლი იყო ჩამოწოლილი ამ ჩვენს ბებერ, მაგრამ ახალგაზრდა ქალაქში, თუმცა ეს ნისლი იყო სულიერი. ხალხის ხასიათის სიმძიმე სუფევდა გარშემო და მეც, დილას კარგ ხასიათზე გაღვიძებულს, უცაბედად მომერია სევდა და ნაღველი, რადგან, ეჰ! ვიფიქრე, რა მემხიარულება, როცა გარშემო ამდენი გაუბედურებული ადამიანია-თქო. ერთი ისიც ვიფიქრე, რომ დამანაშავე ვარ სამყაროს წინაშე, რომ ის პატარ-პატარა რაღაცეები, რაც ბედნიერებას მანიჭებენ, ჩემთვის საკმარისია და ასე ადვილად შეიძლება გონი გამომიკეთდეს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და თავი აღარ შეგაწყინოთ, მივედი გაჩერებაზე. გადავწყვიტე, დღეს, ტაქსის ნაცვლად ავტობუსით წავსულიყავი და კიდევ უფრო ღრმად ჩამეხედა ჩემი ხალხის სულსა და გულში.

მოვიდა.

ავედი. (აქ დრამა გააძრო, სხვადასხვა ხაზზე ჩამოიტანა გარდამტეხი მომენტები — ავტ. შენ.)

ავტობუსში მდუმარედ იდგა ერთი შუახნის მამაკაცი, სევდიანი და მრავალჭირნახული სახით, რომელიც სევდიანად უყურებდა თანამედროვედ ჩაცმულ, ყურსასმენებიან გოგონას, რომელიც წიგნს კითხულობდა.

“ჰაჰ! ალბათ, რამე ამერიკულს კითხულობს და ქართული თვალითაც არ ექნება ნანახი”, გავიფიქრე მე.

სევდიან მამაკაცს, კონტროლიორის უნიფორმა ეცვა.

დამინახა.

ჩემკენ წამოვიდა.

მორიდებულად და სევდიანად მითხრა, თქვენი ბილეთი თუ შეიძლებაო.

მე, ფიქრებში გართულს, ბილეთის აღება სულაც გადამავიწყდა. ჯიბეები მოვიჩხრიკე, მაგრამ ხურდა არ მქონდა, ვერც ბარათით ვიყიდე ბილეთი და მორცხვად გავუღიმე ჭარმაგ მამაკაცს, რომელმაც ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ გაჩერებაზე ჩამიყვანა და 5 ლარიანი ჯარიმა დამიწერა, ამ დედამოტყნულმა!”

ფოტო: xray83 / imgur

ამ სტატუსს მოჰყვება შემდეგნაირი კომენტები:

“სოსო! შენ უნდა წერდე!”

“საოცარია, როგორ კარგად შეგიძლიათ, აღწეროთ დღევანდელი ყოფა! აქ ვიღაცა შენიშვნასაც მოგცემთ, ბოლოს რატომ შეიგინეთო, მაგრამ ესეც ხომ ჩვენი ყოფიერებაა!!!” – ამ კომენტს აქვს 15 ლაიქი.

7. რომ წერენ, მაგრამ არ უნდა წერდნენ

წერენ სტატუსებად, ნოუთებად, ბლოგზე, მერე თავიანთ ნაწერს ყველანაირი მოსალმების ან მოკითხვის გარეშე გილინკავენ მესენჯერში. დაგაინტერესებს, გადახვალ, ნახავ და აღმოჩნდება, რომ საშინლად წერენ. არც ორიგინალური იდეები აქვთ, თხრობის მანერა ისეთი აქვთ, რომ აშკარაა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორი წიგნი აქვთ წაკითხული და გაოცებს მათი ამბიციურობა, რომ ამ ორი წიგნის წაკითხვის შემდეგ თავად გადაწყვიტეს წერა.

ეს ცუდი მწერლები კიდევ ორ კატეგორიად იყოფიან:

  • ძალიან ცუდი მწერლები – მათ მხოლოდ 10-15 ლაიქი აქვთ, სტატუსზე ან ნოუთზე და არც ერთი კომენტარი.
  • ცუდი მწერლები – მათ ბევრი ლაიქი აქვთ და რამდენიმე კომენტარი, ძირითადად გულები, “ეს უნდა დაიბეჭდოს!” და ა.შ.

ამ მეორე კატეგორიის ხალხი, რაღაც რაოდენობა მოთხრობებს რომ მოუყრის თავს, მერე იწყებს სტატუსების წერას: “აბა, შევკარი ჩემი წიგნი და ვის უნდა? რომელ გამომცემლობას?” – აღმოჩნდება, რომ არც არავის უნდა. მერე ამაზე წერენ. “ყველა გამომცემლობამ უარი მითხრა, წარმოგიდგენიათ?” და იქ მიდის კომენტარები:

  • “გული არ გაიტეხო, თამრი, ყველაფერი კარგად იქნება.”
  • “ამ ქვეყანაში სანამ არ მოკვდები მანამდე არ დაგიფასებენ, გენაცვალე!”
  • “ვისაც არ ეზარება ყველა წერს და იმათ უბეჭდავენ და შენ რა დაგიწუნეს?”
  • “რო ათარგმნინო და უცხოეთში სცადო?”

ფოტო: ChobanInSpace / imgur

8. ყველაზე წარმატებულები

CEO at Apple, Model at Victoria’s Secret, Agent at FBI, kosmonavt at NASA, webmaster at Internet, eris mama at Georgia, Messi at mordovia saransk და ა.შ.

ეს კატეგორია გამოირჩევა ვარდისფერი ფონტით დაწერილი ძველი ანეკდოტების შეარით, ქავერზე რამე მანქანით, ავატარად: თუ ბიჭია ფეხბურთელის ან ალ პაჩინოს რომელიმე პერსონაჟის ფოტო, თუ გოგოა — კადრში ზურგით მდგარი და სივრცეში მომზირალი, სეპია დადებული, თან ღრმა და თან ზედაპირული სურათით.

ფოტო: ItsMeLyric / imgur

9. Question everything-ის არასწორად გამგებები

ზოგადად, კრიტიკული აზროვნებისა და ბრბოს ნაწილად არ-გადაქცევის მთავარი პრინციპი არის “დაეჭვდი ყველაფერში”. არსებობს ხალხი, რომელიც ამას არასწორად იგებს და, მაგალითად, როცა დაწერ სტატუსს, როგორ მოგეწონა ფილმი, წიგნი ან სერიალი, შეაქებ მსახიობებს, სცენარს, რეჟისორს, მწერალს, თხრობის სტილს და ა.შ. შემოვა და გეკითხება: “კარგია?”, “ღირს წაკითხვა/ნახვა?”, “ვარგა?”

და ამ დროს გინდა, რომ იმ ფილმის ან სერიალის სცენარი ამობეჭდო, ან წიგნი — თავის ყდიანად და თავზე გადაახიო.

ფოტო: imgur

კირგიი?

ვირგი?

ღირს წიკითხვი/ნიხვი?

ფოტო: ErickNicolas / imgur

არა! აი, პროსტა ვწერ, რომ რამე ცუდს გაყურებინო, იმიტომ რომ მეზიზღები და მინდა შენი ძვრიფასი დრო უაზროდ გაფლანგო -.-

10. ფრენდლისტის წმენდას რომ აანონსებენ

“ვიწყებ ფრენდების წმენდას. ძალიან ბევრი უაზრო ხალხი მყავს, როგორც ვხედავ, არც კი ვიცი როგორ მოხვდნენ ჩემთან, ზოგი უბრალოდ ძალიან შემაწუხებელია”

ფოტო: Kingkong789 / imgur

და მერე აქ რამდენიმე ათეული ლაიქი და 4-5 კომენტარია:

  • “აუ, რადგან ვხედავ ამ სტატუსს ე.ი. გადავრჩი?”
  • “კარგი იდეაა, მეც უნდა გავწმინდო!”

და მერე რო გაწმენდენ ახალი სტატუსი იდება:

“ვინც ამ სტატუსს ხედავთ, გილოცავთ!”

ფოტო: FiftyShadesofFox / imgur

თუ ზემოთჩამოთვლილ ტიპებში საკუთარი თავი ვერ ამოიცანით, არ ინერვიულოთ და იხილეთ მეორე ნაწილი.

on.ge