„100%-იანი ინფორმაციაა რომ ბოკერია სააკაშვილი და ადეიშვილი უკრაინაში სპეცჯგუფებს ამზადებენ“

ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის განცხადებით, „ნაციონალები“ გადატრიალებას რომ გეგმავდნენ, ეს ინფორმაცია ხელისუფლებასაც დიდი ხნის წინათ ჰქონდა, მაგრამ საქმე ჩაიფარცხა.

როგორც ჯორბენაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, „ნაციონალების“ დროინდელ კუდსა და სოდში ვინც იყო, ახლა სუსშია გადაბარგებული.
„ამ ძალებმა წელიწადნახევრის წინ მყარი ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ არ გამოიძიეს“ – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, იყო ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ გარკვეული ჯგუფები (სახელებისა და გვარების დასახელებით) ათანხმებდნენ დიდი ფულის შემოსვლის საკითხებს და არეულობის მოწყობას ქვეყანაში.

„ამ საკითხებს ადეიშვილთან და სააკაშვილთან ათანხმებდნენ. ინფორმაცია ჰქონდათ, დაფინანსება საიდან უნდა წამოსულიყო, ვინ ვის ურიცხავდა ფულს და არასამთავრობოები როგორ იღებდნენ დაფინანსებას სხვადასხვა წყაროებიდან. წელიწადნახევრის წინ დაზუსტებული ინფორმაცია იყო, რას აპირებდა და რა მეთოდებით გეგმავდა „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის მოწყობას და არ გამოიძიეს. ახლაც, ვინ იცის, გამოიძიებენ თუ არა. როგორც ჩანს, ახლა გამოძიების დაწყება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ხელისუფლებას არჩევნების წინ რაღაც გაუჭირდა. არჩევნებამდე 11 თვეა დარჩენილი“ – აცხადებს ჯორბენაძე.

მისივე თქმით, 100%-იანი ინფორმაციაა, რომ ბოკერია, სააკაშვილი, ადეიშვილი და მათი ჯგუფები უკრაინაში სპეცჯგუფებს ამზადებენ. შემდეგ კი ეს ჯგუფები სპეცდაფინანსებით, ანუ ჯიბეში ჩადებული ფულით ჩამოვლენ საქართველოში და აქ მოაწყობენ ათასნაირ უბედურებას.

ადვოკატმა სკანდალური ვიდეოფირების შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„არ არიან დასჯილები მიხეილ სააკაშვილი (ვისთანაც ეს ფირები მიდიოდა) და ადეიშვილი (ვისი დავალებითაც ეს კეთდებოდა) და მერაბიშვილი (ვის გარეშეც ეს ყველაფერი ვერ მოხერხდებოდა).

ამდენი ადამიანი არ არის დასჯილი. ათასობით ჩანაწერიდან 11 კაცი დაისაჯა. მათგანაც ზოგი გარეთაა, ზოგს პირობითი მისცეს. 2 პირი ზის ციხეში. ეს არის დასჯა?! დამნაშავეების დასჯას პოლიტიკური ნება სჭირდებოდა. ამ საქმეს სჭირდებოდა წესიერი გამოძიება, რომელსაც ეს ხელისუფლება ვერ შეძლებდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: გამომძიებელი, პროკურორი და პოლიციის უფროსი პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა ამ სისტემურ დანაშაულში. რაიმე გამოსაძიებელი რომ იქნებოდა (გაუპატიურების, წამების, ქონების წართმევის), ისინი თავის თავს ხომ არ დაიჭერდნენ“ – აცხადებს ჯორბენაძე.
მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა შესაძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო: სპეცსამსახურები, პროკურატურა და სასამართლო „ნაციონალებით“ არის დაკომპლექტებული.

„ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, პოლიტიკური ჯგუფები როგორ გადაჯგუფდებიან იმის მიხედვით, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს. მე არ ვამბობ, რომ სისხლიანი გადატრიალების მოწყობაა შესაძლებელი. არ ველოდები, რომ ქვეყანაში თოფით მოხდება გადატრიალება, ან იარაღით ვინმე ვინმეს მოკლავს.
მე ველოდები მთავრობის შიგნით გადატრიალებას. მთავრობის შიგნით „რესპუბლიკური პარტია“ იმდენად არის გაძლიერებული, რომ მათ სრულად ხელისუფლებაში მოსასვლელად ხელს უშლის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი.
გადატრიალება შეიძლება მოხდეს „რესპუბლიკური პარტიის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებით პრეზიდენტთან ერთად, შემდეგ მათთვის მისაღები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მოყვანით. ეს იქნება სახელმწიფო გადატრიალება“ – აცხადებს ჯორბენაძე.
წყარო: ახალი თაობა

Leave A Reply

Your email address will not be published.