გასული წლის 4-7 აგვისტოს ოლიმპიადის ცერომიანიალთან დაკავშირებით ბრაზილიის ქალაქ რიო დე-ჟანეიროში საქართველოდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით სახელწმიფო დელეგაცია გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ათი თანამშრომელი.
„აიპრესი“ დაინტერესდა, რა დაჯდა პრეზიდენტის ვიზიტი რიოში, ვინ შედიოდნენ დელეგაციის შემადგენლობაში და ოლიმპიადის გარდა კიდევ რას ემსახურებოდა აღნიშნული ვიზიტი.
იმის მიუხედავად, რომ თითქმის ხუთი თვეა ინფორმაციას ვითხოვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის წინ მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაციის თხოვნით ეროვნული უშიშროების საბჭოსაც მივმართეთ საბჭოს ხარჯების ნაწილში. მათგან ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში მივიღეთ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული 15 აგვისტოს ინფორმაციაში გვაცნობეს, რომ დელეგაცია 10 წევრისგან შედგებოდა, თუმცა ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. მაშინ ადმინისტრაციიდან მოგვწერეს, რომ სამივლინებო ხარჯების დათვლა ვიზიტის დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ადმინისტრაციიდან მოწერილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულება არეგულირებს.
„აიპრესი“ მაშინ წერდა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სააკაშვილის ბრძანებულება კანონზე მაღლა დააყენა, ვინაიდან ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, ან თუ დამუშავებას საჭიროებს ათ სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევების გარდა თუ ინფორმაცია, პროფესიულ, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. იერარქიულად კი კანონი კანონქვემდებარე აქტზე – ბრძანებულებაზე მაღლა დგას.
60 დღის გასვლის შემდეგ „აიპრესმა“ კვლაც მიმართა საჯარო ინფორმაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში აღნიშნული იყო, რომ დელეგაციის რიოში ვიზიტი 173 269.94 ლარი დაჯდა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული რომელი პირისთვის რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა.
პრეზიდენტის ადმინისრაციას კვლავ მივმართეთ საჯარო ინფორმაციით და აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ვითხოვეთ დეტალურად. როგორც აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზის გამო წერილმა ადმინისტრაციამდე ვერ მიაღწია. საბოლოოდ ადმინისტრაციისგან წერილი მივიღეთ 23 დეკემბერს, სადაც მოგვწერეს, რომ რიოში ვიზიტი დაჯდა 173 269.94 ლარი, სხვა ინფორმაციას კი მოგვიანებით მოგვაწვდიდნენ.
30 დეკემბერს გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში ადმინისტრაციიდან შეგვატყობინეს, რომ რიო დე-ჟანეიროში პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 10 თანამშრომელი იმყოფებოდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 165 549. 59 ლარი დაუჯდა. გამოგზავნილი ინფორმაცია სრულყოფილი ისევ არ იყო. ვინაიდან, პრეზიდენტისა და პირველი ლედის ხარჯები ისევ არ მოგვაწოდეს. პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ მართალია პრეზიდენტი და პირველი ლედი დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ საჭიროა, რომ ვიზიტისას მათთვის გამოყოფილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია დამატებით მოვითხოვოთ და დავაკონკრეტოთ, რომ ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ხარჯების შესახებ ინფორმაციას ვითხოვთ.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხარჯებს, იგი ასე გამოიყურება:
ვიზიტის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დახარჯა 16 167. 34 ლარი, მათ შორის 1 203. 5 ლარი დღიური ნორმა იყო, სასტუმროში დახარჯა 6 042.58 ლარი, მგზავრობისთვის 8468.14 ლ, ხოლო კავშირგაბმულობისთის 443.12 ლ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ 27 781.81 ლარი დახარჯა. მან დღიურ ნორმად 2 138.64 ლ გამოიყენა, სასტუმროსთვის 15 952.42 ლ, მგზავრობისთვის 9 249.73 ლარი, ხოლო კავშირგაბმულობისთვის 441. 02 ლარი გამოიყენა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ (ამჟამად უფროსი რედ:) სოფიო ჯაჯანაშვილის ხარჯებმა 12 461.60 ლარი შეადგინა, მისი დღიური ნორმა 1 310.48 ლარი იყო, სასტუმროსთვის 40 16.52 ლარი დახარჯა, მგზავრობისთვის 6 583.26 ლარი, ხოლო კავშირგაბმულობისთვის 551.34 ლარი.
პრეზიდენტის ფოტოგრაფის ლეილა ბლაგონნრავოვას ვიზიტი 11 207.84 ლარი დაჯდა, საიდანაც დღიური ნორმა იყო 936. 06 ლ, სასტუმროსთვის 40 16. 52 ლ, მგზავრობა 6255.26 ლ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მემონტაჟე ზვიად კოპალეიშვილის ხარჯები 11 207.84 ლარი დაჯდა, საიდანაც დღიური ნორმა იყო 936. 06ლ, სასტუმროსთვის განკუთვნილი იყო 4 016. 52 ლ, ხოლო მგზავრობისათვის 6255.26 ლ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისდა კომუნიკაციების მართვის მთავარი სპეციალისტის ალექსანდრე დანელიას ხარჯი 11 535.88 ლარით განისაზღვრა, საიდანაც დღიური ნორმა იყო 936. 06 ლ, სასტუმრო 4 016.52ლ, , ხოლო მგზავრობა 6583.3 ლარი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მართვის მთავარი სპეციალისტი ბექარ ხულელიძეს ხარჯებს რაც შეეხება 11 535.84 ლარით განისაზღვრა, დღიური იყო 936. 06 ლ, სასტუმროსთვის გამოიყო 4 016. 52 ლ, მგზავრობისთვის კი 6 583. 26 ლარი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის მთავარი მრჩეველის გიორგი არაბიძის ხარჯი 23 493.40 ლარი იყო, დღიური 2 997.93 ლ, სასტუმრო 10 076. 28 ლ დაჯდა, მგზავრობა 8 321.87 ლ, ხოლო კავშირგაბმულობა 2 097.32
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის ლევან კიკნაძის ხარჯი კი 21 034.35 ლარით განისაზღვრა, დღიური 2 141.38 ლარი იყო, სასტუმრო 10 076. 28 ლ, მგზავრობა 7 433. 23 ლ. კავშირგაბმულობა კი 1 383.4 6 ლ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის ხარჯები 19 133.69 ლარი დაჯდა, მისი დღიური ნორმა იყო 2 997. 93 ლ, სასტუმრო 10 076. 28 ლ, მგზავრობა 5 466. 5 ლ, ხოლო კავშირგაბმულობა 592. 98 ლ.
P.S. ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისევ მივმართეთ საჯარო ინფორმაციით, სადაც კონკრეტულად პრეზიდენტისა და პირველი ლედის ხარჯებს მოვითხოვწთ – რამდენი დაჯდა რიო დე-ჟანეიროში ვიზიტის დროს მათი ხარჯები. აღნიშნული ინფორმაცია „აიპრესმა“ ორი დღის წინ მიიღო. რიოს ვიზიტის შესახებ მორიგ მასალას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ipress.ge