16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები


16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები, ისიც ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებები “სამოქალაქო კოდექსში” და “სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონში შედის.
სადღეისოდ არსებული კანონით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვება, ხოლო თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ე.წ. პატივსადები მიზეზების არსებობისას, დაქორწინების ნებართვის გაცემა სასამართლოს შეუძლია.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში მშობლებსა და მზრუნველებს ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება აღარ ექნებათ და აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში მოექცევა. იმავდროულად, ცვლილებით ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძველი და ერთადერთ საფუძვლად გოგონების შემთხვევაში – ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში – ბავშვის დაბადება განისაზღვრება.
“საქართველოში ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანი პირების მშობლები არიან თავიანთი შვილების ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები. მშობელთა შორის ხდება გარიგება ფულის ან სხვა მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგონების მოტაცების შემდეგ, მშობლები მათ უკან აღარ იღებენ, რითაც ფაქტობრივად შვილებს აიძულებენ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ შექმნან ოჯახი არასასურველ პირთან. სკოლის მოსწავლე გოგონები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ მათ მშობლები ძალით გაათხოვებენ, ისინი თავს მოიკლავენ. ამავდროულად, ნაადრევი ქორწინებები როგორც წესი იწვევს ქორწინებაში შემსვლელ პირთა მხრიდან სწავლისათვის თავის დანებებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება”, – აღნიშნულია პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში

Leave A Reply

Your email address will not be published.