2012 წლის შემდეგ ზუსტად ვიცით, საით მივექანებით – კობახიძე

2012 წლის შემდეგ ზუსტად ვიცით საით მივექანებით. გეტყვით, საით მივექანებით – ეს არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა, რითაც ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, თუ ”საით მიექანება ქვეყანა”.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა ის სფერო ჩამოთვალა, სადაც 2012 წლის შემდეგ ვითარება გაუმჯობესებულია.

”2012 წლის შემდეგ ზუსტად ვიცით, საით მივექანებით. გეტყვით, საით მივექანებით -ეს არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა. გავექანეთ 2012 წელს იქითკენ, რომ 24 500 პატიმრის ნაცვლად დღეს გვყვავს 9 500 პატიმარი ანუ ორნახევარჯერ ნაკლები პატიმარი. აი, აქეთ გავექანეთ ბატონებო. ციხეებში კვდებოდა 150 კაცი, ახლა 12 კვდება. 12-ჯერ ნაკლები კაცი კვდება ახლა ციხეებში და აქეთ გავექანეთ ჩვენ, ყველა ერთად, მადლობა ღმერთს, 2012 წელს. ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ, მომიტინგეებს აღარ არბევენ სასტიკი ფორმით – აქეთ გავექანეთ ჩვენ 2012 წელს. ეს არის ის, საითაც ყველა ერთად მივექანებით – მეტი დემოკრატია. გახსოვთ, ალბათ, პარლამენტარები ნოტარიუსის ფუნქციას რომ ასრულებდნენ და თითის დაჭერის მეტი არაფერი ხდებოდა ამ ორგანოში. ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ. რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს, მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს ეკონომიკური ზრდის და აქეთ მივექანებით. 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა იანვარ-თებერვალ-მარტში და ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც ატარებს პარლამენტი და მთავრობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება სოციალურ და საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა.

”სოციალური დაცვის მიმართულებით, მილიარდ 200 მილიონი იყო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წელს, დღეს არის 3 მილიარდ 200 მილიონზე მეტი. აქეთ გავექანეთ, რომ ორჯერ მეტი ფული იხარჯება იმისთვის, რომ ჯანდაცვა და სოციალური დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ზუსტად ვიცით, საით მივექანებით საგარეო პოლიტიკის კუთხით – ეს არის ევროკავშირი და ნატო, ასევე მშვიდობიანი ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიულით და გვინდა რომ აქეთ გავექანოთ ყველა ერთად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”

Comments
Loading...