2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2015 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ რეკორდს მიაღწია. წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ მათი მაჩვენებელი 2015 წელს 5,897,685 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იან ზრდას ნიშნავს.
მისივე თქმით, ასევე ტურისტების (ანუ იმ მოგზაურების, რომლებმაც 24 საათი და მეტი ქვეყანაში გაატარეს) რაოდენობამ იმატა – მათმა რიცხვმა 2,278,562 -ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 2,2%-ით მეტია. გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების რაოდენობაც წინა წელთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2016 წელსაც ტურისტების რაოდენობა დინამიურად გავზარდოთ, რადგან ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში. საერთაშორისო მოგზაურთა ზრდა ერთიანი გუნდის მუშაობის შედეგია და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

Comments
Loading...