2016 წელს აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის აბიტურიენტებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, აბიტურიენტებს უნივერსიტეტების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც შეეძლებათ და ამასთან ერთად რეგისტრაციის ვადა უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ გარდა ფაკულტეტების ჩამონათვალისა ასევე ცვალონ არჩევითი საგნებიც.

“2016 წელს მნიშვნელოვანი სიახლეა აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცედურაში. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე (ესეტაპი ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდება) აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.

შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში (ერთი თვე ან თვენახევარი) შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა (მაგ.: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა მათემატიკა, მაგრამ შემდეგ ისტორიის ჩაბარება გადაწყვიტა). ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზრებაიჯანულ, სომხურ და ა. შ. ენებზე). ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ”,- განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცვლილების შესახებ და რეგისტრაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით დღეს მაია მიმინოშვილმაც ისაუბრა.

„წელს მოგეხსენებათ მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ როგორც აბიტურიენტებს ისე სხვა აპლიკანტებს. სიახლე შეეხება რეგისტრაციის პროცესსაც, თუ გადავალთ ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე, რაც დაგეგმილია, რეგისტრაციის პროცესი უფრო ხანგრძლივი შეიძლება იყოს და ექნებათ შესაძლებლობა აბიტურიენტებს, თავის არჩევანი, არამხოლოდ ფაკულტეტების და უმაღლეს სასწავლებლების ჩამონათვალის (რაც ადრეც ასე იყო), არამედ საგნების ჩამონათვალიც ცვალონ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.სიახლე გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჩვენ წინა წლებში შეზღუდულები ვიყავით რეგისტრაციის ვადით. ეხლა შეგვეძლება რეგისტრაციის ვადები უფრო გავზარდოთ და აქედან გამომდინარე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ცვალონ არამარტო ფაკულტეტების ჩამონათვალი, არამედ არჩეული საგნებიც კი“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება აბიტურიენტთა რეგისტრაციას, პროცესი თებერვლის პირველ ნახევარში დაიწყება და აბიტურიენტების 2016 წლის ცნობარიც თებერვალში გამოქვეყნდება. დეტალური ინფორაცია ვადებისა და პროცედურების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება და დაიბეჭდება ცნობარში.

მიმინოშვილმა სამაგისტრო, საგრანტო და პედაგოგთა გამოცდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ასევე თებერვალშივე იქნება შესაძლებელი.

2016 წლიდან გამოცდას ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ: აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები და პედაგოგები.

Leave A Reply

Your email address will not be published.