საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წელის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის.
ახალი მონაცემით, საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში. კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ მიიღო:
- 2012 წელს – 52 ქულა (51-ე ადგილი),
- 2013 წელს – 49 ქულა (55-ე ადგილი),
- 2014 წელს – 52 ქულა (50-ე ადგილი),
- 2015 წელს – 52 ქულა (48 ადგილი).
TI-ის შეფასებით, გასულ წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება (57 ქულა 52-ის ნაცვლად) კორუფციის აღქმის მხრივ ქვეყანაში გარკვეულ (თუმცა მცირე) წინსვლაზე მიუთითებს (რეიტინგში საქართველოს ადგილის ცვლილება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქვეყნებში მომხდარი ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს).
ამასთან, TI-ის განცხადებით, ის გარემოება, რომ 2012-2016 წლებში საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იცვლებოდა, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის ინდიკატორია.
2016 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (90 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი – სომალიში (10 ქულა).
კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.
2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
on.ge