2016 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში

პოლიტიკური თამაშები ქართულად
მართალია, ქართული პოლიტიკური ელიტა თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ყველაფერი რუსული – მართვის სტილიდან დაწყებული და ლამის კულტურით დასრულებული – მისთვის მიუღებელი და რიგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელიც კია, მით უფრო როცა საქმე დემოკრატიას ან კორუფციას ეხება, მაგრამ ქართული პოლიტიკური თამაშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით ე.წ. რუსულ სივრცეში. დასავლური სტანდარტები პოლიტიკური რინგისთვის ჯერ კიდევ უცხოა.
ქართული პოლიტიკა ჯერ კიდევ არასტაბილურია, პოლიტიკური თამაშის წესები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, პოლიტიკური მოთამაშეები ვაჭრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე პოლიტიკურ ფიგურებს, კონკურენცია ჯერ ისევ მტრობაში გადადის და ერთმანეთის განადგურებისკენ არის მიმართული.
მარტივად რომ ვთქვათ, ქართული პოლიტიკაც კარგად ჯდება რუსეთის პრემიერის, ჩერნომირდინის ერთ მოსწრებულ, ფრთიან გამონათქვამში: «Хотели как лучше, а получилось как всегда».
გვინდოდა სანიმუშო არჩევნები, თუმცა, როგორც ყოველთვის, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
გვსურდა ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, თუმცა, ნაციონალები თვითლიკვიდაციის პროცესში იმყოფებიან.
გვაინტერესებდა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მაინც ბრბოს გავლენის ქვეშ ვართ. ჯერ ისევ მას შეუძლია, შექმნას ამინდი ან გამოკვეთოს ტენდენცია.
ამიტომაც ბელადი ჯერ კიდევ არ არის კომპრომატი ქართულ პოლიტიკაში, ძლიერი პოლიტიკური ლიდერების დრო ჯერ ისევ ვერ დადგა. გუნდური თამაში ჯერ ისევ ვერ გახდა პრიორიტეტული. ამ თემას ცოტა ქვემოთ მივურუნდებით.
ახლა კი 2016 წლის მთავარი მოვლენები.
საპარლამენტო არჩევნებმა, შეიძლება ითქვას, ყველა სხვა მოვლენა გადაფარა და წლის ბოლომდე შეინარჩუნებდა მაღალ რეიტინგს, ბოლოსკენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხმაური და მძვინვარება რომ არ ატეხილიყო.
ასე რომ, წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები სწორედ არჩევნები და მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განვითარებული მოვლენები გახლავთ.
წლის მთავარ ანტიგმირად ლარის კურსის დასახლება შეიძლება.
წლის მთავარ გამოწვევად კი ტერორი და კიბერდანაშაული რჩება.
საპარლამენტო არჩევნები

ქართული არჩევნები ყოველთვის საინტერესო იყო და მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავდა, შიგადაშიგ საშინელებათა კადრებით – კომპრომატების ომი სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მით უფრო წელს, როცა კომპრომატების ომმა, რიგ შემთხვევაში, ცნობილი წარწერით – მოარიდეთ 16 წლამდე ბავშვებს – ჩაიარა.
„პრაიმტაიმის“ ექსპერტები ლევან ალაფიშვილი და არჩილ გამზარდია სწორედ არჩევნებს ასახელებენ მთავარ მოვლენად.
ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობით ორი მიზეზის გამო გაიმარჯვა – ჰყავდა სუსტი ოპოზიცია და გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი.
არჩილ გამზარდია ყურადღებას არჩევნების შედეგებზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა წლის მთავარი პოლიტიკური შედეგია, რომელიც, ასევე, მთავარი გამოწვევა იქნება მომავალ წელს მმართველი პარტიისთვის.
ჩვენი მხრივ, დავსძენთ, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს გამოცდილებამ ბევრი ვერაფერი ასწავლა, სერიოზულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა გაერთიანება ვერ შეძლეს. ამიტომაც არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი სუსტი ფიგურების პოლიტიკური ველიდან გასვლაც გახლავთ.
არჩევნების შემდეგ პოლიტიკა (დროებით) ირაკლი ალასანიამ დატოვა, დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიიდან“ წავიდა, გუბაზ სანიკიძემ „ფორუმიდან“ ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადაინაცვლა, „გირჩების“ კარი გაიხურა პალიკო კუბლაშვილმა. და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკურად გაკოტრებულების სიას მიემატა პაატა ბურჭულაძეც, რომელმაც არამხოლოდ ქართული პოლიტიკა, საქართველოც კი დატოვა.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში სულ სამი პარტია მოხვდა. 5%-იანი ბარიერი, პროპორციული სიით, გადალახეს: „ქართულმა ოცნებამ“ – 48%; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 5%. მაჟორიტარებთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
პრეზიდენტის გაბუტული პოზა

გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ჰოროსკოპი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდამ მომსახურების ზონიდან არის გასული – სულ გაბუტულია. ისე კი, ძირითადად ქალწულის როლშია – არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკარება.
2016 წელს ორ თემაზე გაიბუტა. პირველი არჩევნების თარიღის დანიშვნა იყო, მეორე კი – საკონსტიტუციო კომისიის შექმნა. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მას ორი დადგენილების გამოცემა მოუწია. მთავრობამ ექვსი თვით ადრე მარათონის გახსნაზე უარი თქვა, ფინანსური პრობლემების გამო. შესაბამისად, პრეზიდენტს მოგვიანებით ახალი განკარგულების გამოცემა მოუწია.
უკვე წლის ბოლოს კი მარგველაშვილი ისევ გაიბუტა, როცა ის საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარედ არ დაასახელეს. რამდენიმე უსარგებლო გადაძახილის შემდეგ მარგველაშვილი ისე გაიბუტა, რომ კომისიაში მუშაობაზეც კი უარი თქვა.
წლის პოლიტიკური სკანდალი
ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რომელმა მხარემ „გაისროლა“ პირველმა, მთავარი ის არის, რომ ამ ხმაურმა და მძვინვარებამ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე მხარე გადაიყოლოს. ისინი უკვე კამიკაძეებს ჰგვანან, რომლებიც მზად არიან, „მტრის“, ანუ ერთმანეთის, გასანადგურებლად თავადაც აფეთქდნენ. წითელი ხაზები გადაკვეთილია, პროცესი ჩიხში შევიდა, „ნაციონალური მოძრაობა“ – კრიზისში.
კომპრომატების ომი იმდენად შორს წავიდა, რომ ე.წ. ბოკერიას „სასტავი“ სააკაშვილს ბელადს უწოდებს, სააკაშვილის მომხრეები კი ბოკერიას მომხრეებს მოღალატეებად აცხადებენ და ირწმუნებიან, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა.
ქართულ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, ბელადი ჯერ კიდევ არ არის კომპრომატი, კულუარული გარიგებების თემა კი, როგორც ჩანს, ჯერ ისევ აქტუალური რჩება, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ამ ომში „მიშა მაგარიას“ მომხრეები იმარჯვებენ.
საბოლოო გამარჯვების 20 იანვრისთვის დაგეგმილ ყრილობაზე გააფორმებენ. ბოკერიასა და მის მომხრეებს უკვე გამოუცხადეს, რომ პოლიტიკური საბჭო აღარ არსებობს, თავის მხრივ, პოლიტიკურმა საბჭომ ყრილობის სამზადისისთვის შექმნილ სპეციალურ კომისიას უწოდა არალეგიტიმური. ვარაუდობენ, რომ ბოკერიასა და უგულავას მარცხის აღიარება და „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყრილობა პარტიიდან გარიცხავთ. საბაბი უკვე მზად არის – ისინი ხომ მოღალატეები არიან.
არჩილ გამზარდიას აზრით, ბიძინა ივანიშვილს „საერთოდ არ სჭირდება ამ პროცესში ჩართვა, რატომ დახარჯავს ის რესურსს იმაში, რაც ისედაც თავისით მოხდებოდა?“ – კითხულობს ექსპერტი და სააკაშვილის სტრატეგიაზე საუბრობს.
„მოკლედ რომ გითხრათ, სააკაშვილს ორგვარი სტრატეგია აქვს: ის პრობლემას ან აკონსერვებს, როგორც ეს, მაგალითად, ტექდათვალიერების შემთხვევაში გააკეთა. მაშინ თქვა, რომ გარკვეული სახის საფრთხეები ძალიან მაღალი იყო და რეგულაციების ამოქმედება ამ სფეროში შესაფერისი მომენტისთვის გადადო, და მეორე – ძირეული ცვლილებები, როგორიც იყო, მაგალითად, პატრულის პროექტი. მაშინ მან მილიციის შემადგენლობა მთლიანად დაითხოვა და ახალი სტრუქტურა – პატრული შექმნა, სრულიად ახალი კადრებითა და მიდგომებით. არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა ახლა კომბინაციური ვარიანტი გამოიყენოს. ანუ არც ძირეულად შეცვალოს პარტია და არც დააკონსერვოს“.
თუკი გიგა ბოკერიას ჯგუფი პარტიას დატოვებს, ის მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება. ისინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რესურსებს დაკარგავენ, მათ შორის საბიუჯეტო დაფინანსებიდან მნიშვნელოვან წილს, ბრენდირებულ პოლიტიკურ ნიშანს, აწყობილ რეგიონალურ სტრუქტურებსა და ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს.
არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, თავისი სტრატეგია გიგა ბოკერიასაც აქვს. „ის შეეცდება, ბოლომდე იბრძოლოს პარტიისთვის, ისევე როგორც იბრძოლეს მაჟორიტარობისთვის, ერთი მანდატის მოსაგებადაც კი ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ და ახლაც ასე იქნება. თუ გასვლა მოუწევთ, მაშინ მოუწევთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის რაღაც ნაწილი მაინც წამოიყვანონ, სასიცოცხლო ფუნქციები რომ შეიძინონ“.
შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილი ამ გუნდს მოღალატეებსა და გაყიდულებს ეძახის. ასეთი კომპრომატებით, როგორც ჩანს, მას სურს, რაც შეიძლება გაკოტრებული გაუშვას გიგი უგულავას მომხრეები პარტიიდან. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, სწორედ თბილისის ყოფილი მერის ინიციატივა იყო ახალი თავმჯდომარის არჩევა, ახალი ლიდერის დაბადება და პარტიიდან სააკაშვილის ჩამოშორება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, 2017 წელს რევოლუციის მოწყობას შეეცდება. არ ვიცი, რამდენად გამოვა რევოლუცია, თუმცა ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ე.წ. მოღალატეები ისეთივე სისასტიკით დასაჯოს, როგორც თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილი ან ნინო ბურჯანაძე დასაჯა. მართალია, ახლა მას საამისოდ ბევრად ნაკლები გავლენა და საშუალებები აქვს, მაგრამ ის მაინც შეეცდება.
სკანდალური გადაწყვეტილება
სკანდალურად გაიჟღერა შაბათს 9-საათიან „კურიერში“ დავით ბაქრაძის განცხადებამ ყრილობის გადადებასთან დაკავშირებით:
„ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე დავაყენებ, რომ გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება, ამხელა ემოციებს იწვევს. გადავდოთ, დავსხდეთ, დავწყნარდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი და ერთიანობა შევინარჩუნოთ“.
და თითქოს ყველა განცხადება ემოციების ჩაცხრობისთვის გაკეთდა, მათ შორის, ითქვა ისიც, რომ დავით ბაქრაძე საკუთარ კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არ წამოაყენებდა, თუმცა, დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავდა. ბაქრაძეს მატყუარა უწოდეს, ბოკერიას გუნდს კი – დამარცხებულები.
ბაქრაძეს 30 ნოემბრის პოლიტსაბჭო შეახსენეს, სადაც მან ყრილობის რაც შეიძლება სწრაფად ჩატარებას დაუჭირა მხარი, არ მიიღო გია ბარამიძის წინადადება ორდღიანი ტაიმ-აუტის აღების თაობაზე და არც პარტიის თავმჯდომარეობაზე ამბობდა უარს. და მაშინ რა მოხდა ახლა? მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში უპასუხა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება:
„20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას, უკვე 27 დეკემბერს საფუძველს მოკლებულია“, – წერს სააკაშვილი

წლის პოლიტეპითეტები:

„მიშა მაგარიას“ მომხრეები ბოკერიას გუნდზე:
„თქვე ლიბერალებო, პეროიანებო, ბლანჟეიანებო, ერთი პროცენტის ამღები არ ხართ არჩევნებზე“.
ბოკერიას გუნდი სააკაშვილზე და მის მომხრეებზე:
„ტირანი და ბელადი, რომელსაც სურს, ერთპიროვნულად მართოს ყველაფერი, მის მიერ ყველა განსხვავებული აზრი აღიქმება როგორც მტრობა და ღალატი, მას სჭირდება ჯოგი და არა გუნდი, გეკაჩეპე“.
წლის მთავარი წარმატება
მართალია, ვიზალიბერალიზაციის პროცესი საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ დასრულდა, პირველ რიგში, ევროპაში ემიგრაციის კრიზისის გამო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველო ახლა უკვე ძალიან ახლოს დგას საბოლოო შედეგამდე.
ვიზალიბერალიზაციის პროცესი მხოლოდ უვიზო რეჟიმზე გადასვლა არ არის, ამას დიდი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, პირველ რიგში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

 

 

წყარო :   primetime.ge

Comments
Loading...