“2017 წელს ჩვენ გვექნება მარაბდა–კარწახის ოპერირებადი რკინიგზა”

საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სტრატეგიულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხზე. ბინალი ილდირიმმა თავის ქართველ კოლეგას აცნობა, რომ თურქეთის მხარე საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლის ბოლომდე დაასრულებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა–კარწახის რკინიგზის მშენებლობისათვის და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერირებადი რკინიგზა.

„ბაქო–თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაგეგმილ ვადებში აღნიშნულ მაგისტრალზე მატარებელი გაივლის, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს“, – განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც თანამშრომლობას ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვნად გაარღმავებს.

„ყოველივე ხელს შეუწყობს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიიდან ევროპაში და პირიქით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

Comments
Loading...