2017 წლის ბიუჯეტი საბოლოო ვარიანტით 11 მილიარდ 500 მილიონ ლარამდეა. დოკუმენტი 4% -იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი.
მთავრობის ძირითად პრიორიტეტები განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა. ასევე, იგეგმება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია.
2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 8.555 მლრდ ლარზე, ხარჯები კი 8.543 მლრდ ლარზეა გათვლილი.
პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტის საბოლოო პროექტში, დაახლოებით, 273 მლნ ლარით არის გაზრდილი ეკონომიკის სამინისტროს, 172 მლნ ლარით – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დაახლოებით 91 მლნ ლარით – განათლების სამინისტროს, 85.8 მლნ ლარით – ჯანდაცვის სამინისტროს, დაახლოებით 38 მლნ ლარით – სპორტის სამინისტროს, 19 მლნ ლარით – სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 11 მლნ ლარით – ენერგეტიკის სამინისტროს, 5-5 მლნ ლარით – თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ხოლო 3 მლნ ლარით კულტურის სამინისტროს დაფინანსება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, მომავალ წელს 118 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 18-მილიონიანი ზრდაა 2016 წელთან შედარებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური კვლავაც 14.5 მლნ ლარს მიიღებს. სახალხო დამცველის აპარატს 300 ათასი ლარით გაეზრდება დაფინანსება და 4.8 მლნ ლარი გახდება მომავალ წელს. არსებული 44.1 მლნ ლარიდან მომავალ წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება 46.4 მლნ ლარამდე გაეზრდება, ბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად.
საქართველოს საპატრიარქო ტრადიციულად 25 მლნ ლარს მიიღებს მომავალ წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში დამატებულია სრულიად ახალი მუხლი, რაც გულისხმობს 65 მლნ ლარის ოდენობის ერთჯერადი სუბსიდიის გამოყოფას მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ე.წ. ლარიზაციის გეგმის ფარგლებში. ეს გეგმა, რომელიც 2017 წლის იანვრიდან დაიწყება და ორ თვეს გასტანს, გულისხმობს 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების ეროვნულ ვალუტაში ნებაყოფლობით კონვერტირებას 100 ათასი ლარის ფარგლებში ოფიციალურზე 20 პუნქტით ნაკლები გაცვლითი კურსით – კურსთაშორის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლოა დაახლოებით 33 ათასამდე ფიზიკურ პირს დაუფინანსდეს.