სესხის აღება რთულდება – ვახტანგ ჭუმბურიძე რეგულაციების ცუდ პერსპექტივაზე საუბრობს

0

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭუმბურიძე დარწმუნებულია, რომ ახალი საბანკო რეგულაციები, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შევა, ბიზნესგარემოს და ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

“რეგულაციები უკვე ორი წელია რაც დაიწყო. მიზეზად ჭარბვალიანობასთან ბრძოლა სახელდება. გასაგებია, ჭარბვალიანობა პრობლემაა, მაგრამ როცა ვიყენებთ მასთან საბრძოლველად გარკვეულ მეთოდებს ვკეტავთ იმ სასესხო მიმართულებას რითაც უნდა ისარგებლოს მოქალაქემ, ანუ ფაქტობრივად მოქალაქეებს ვართმევთ არჩევანის საშუალებას. პირველი ნოებრიდან როცა ამოქმედდება ეს რეგულაციები, დაახლოებით 50%-ით შემცირდება სამომხმარებლო სესხების დაკრედიტება და 70%-ით იპოთეკური სესხების დაკრედიტება. ეს ცუდი პერსპექტივაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საბანკო სისტემას მიბმული აქვს სამშენებლო სექტორი, ავტოდილერები, ტექნიკის მაღაზიები და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიული წარმოება. ამ რეგულაციების შედეგად მშენებლობები შესაძლოა გაჩერდეს. რეგულაცები თუნდაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანსაც აღარ აძლევს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ანუ ახალი ბინის ყიდვის საშუალებას, იმდენად მკაცრია პირობები რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს იმისათვის რომ ბანკიდან სესხი მიიღოს. იგივე შეიძლება ითქვას ავტოდილერებისა და ელეტროტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებზეც. ადრე ბანკი თვითონ წყვეტდა ვისთვის უნდა მიეცა სესხი და ვისთვის არა. თვითონ აფასებდენენ რისკებს. ეხლა ვიღებთ სიტუაციას, რაც საშუალო ფენას ურთულებს კრედიტის აღებას, ეს პროცედურები ურთულდებათ ემიგრანტებსაც რომლებიც უცხოეთში მუშაობენ და აქ ბინის შეძენა სურთ. დარჩა უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც ბინებს იმისთვის ყიდულობენ რომ აქ ბინადრობის უფლება მიიღონ. ორი ქალაქია, სადაც მიმდინარეობს ძირითადი მშენებლობები – ბათუმი და თბილისი. ბათუმისადმი ინტერესს რუსეთის, უკრაინის და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეები იჩენენ. თბილისში ძირითადად ირანის და არაბეთის ქვეყნების მოქალაქეთა ინტერესშია მოქცეული”,- აცხადებს ჭუმბურიძე. ვინ დარჩება ახალი რეგულაციებით მოგებული? ჭუმბურიძის მოსაზრებით წვრილ და საშუალო სამშენებლო კომპანიებს ამ პირობებში გადარჩენა გაუჭირდებათ. მისი შეფასებით, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მსხვილი კომპანიები. “მათ აქვთ იმის ფინანსური რესურსი რომ ბანკების გვერდის ავლით კლიენტებს შესთავაზონ შიდა განვადება. ამ შემთხვევაშიც რთული ვითარება იქმნება. მშენებლობა გრძელდება 2-3 წელიწადი ამ დროის განმავლობაში ვერ დაფარავ ვთქვათ 100 ათას ლარს გჭირდება 5-7 წელი, ანუ საჭირო ხდება ისევ საბანკო სექტორის ჩართულობა, ან სამშენებლო კომპანიებს მოუწევთ ერთგვარად ბანკების ფუნქციის შეთავსება და განვადების სისტემის ისე დალაგება, რომ შეძლონ იმ ფინანსური ტვირთის აწევა რომელიც დააწვებათ. ეს შრომატევადი და რთული საქმეა, რასაც ალბათ ყველა ვერ გაართმევს თავს. მოკლედ ახალი რეგულაციებით საოპერაციო ხარჯებზე წვდომა სამშენებლო კომპანიებს ძალიან ეზღუდებათ. აქედან გამომდინარე შეიძლება მივიღოთ მონოპოლიზებილი სამშენებლო სექტორი და ამის რისკები საკმაოდ დიდია”,- განაცხადა ვახტანგ ჭუმბურიძემ გადაცემა “ბიზნესკოდში”

Leave A Reply

Your email address will not be published.