ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

0

ქობულეთის მე-3 საჯაროს სკოლაში პირველკლასელ გოგონებს კლასის ხელმძღვანელმა ქეთევან ვეკუამ წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა პიონერების სიმბოლოს გამოყენება, სკოლის დირექტორმა თქვა, რომ ეს პედაგოგის გადაწყვეტილება იყო და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ბორდოსფერია, წითელი არ არის. თვითონ მოიფიქრა კლასის ხელმძღვანელმა, ეს მისი არჩევანია, აჩუქა ბავშვებს და ჩვენ აქ არაფერი ცუდი არ დაგვინახავს. ასეთივე, თმისაბნევებიც აჩუქა მოსწავლეებს და ალბათ ხვალაც გაიკეთებენ,“- გვითხრა სკოლის დირექტორმა, ნანა მენაბდემ.

მისი თქმით, წითელ ყელსახვევებზე არც მშობლებს გასჩენიათ კითხვები, „ტაში შემოჰკრეს, ისე მოეწონათ“-ამბობს დირექტორი. მისი თქმით, პედაგოგმა ყელსახვევები იმიტომ გაუკეთა პირველკლასელებს, რომ დასვენებაზე ადგილად გამოერჩია სხვებისგან.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ აირჩიეს წითელი ყელსახვევი, რომელიც საბჭოთა პიონერებთან ასოცირდება, მასწავლებელი ქეთევან ვეკუა ამბობს, რომ ამაზე არ უფიქრია:

„არანაირად არ მიფიქრია მაგაზე, საყვარელი ფერია. წითელი არ არის, ბორდოსფერია. პიონერის ყელსახვევი არის წითელი ატლასი, ეს არის ბორდოსფერი, საყვარელი ფერია. ძაან ლამაზები არიან,“ – ამბობს მასწავლებელი.

„ბათუმელები“ აჭარის განათლების სამინისტროს დაუკავშირდა შეფასებისთვის, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ყელსახვევების შესახებ ინფორმაცია მედიისგან მიიღეს. „აუცილებლად მოვიკვლევთ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე“, – გვითხრეს პრესსსამსახურში.

წყარო: www.batumelebi.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.