დახვრეტილი პრეზერვატივი, რომელიც შენ შეიძლება შეგხვდეს – რას ჰყვება ვიდეოს ავტორი

0

კაცი შავი ქურთუკით შედის სუპერმარკეტში, მიდის პრეზერვატივების დახლთან, ქურთუკის სახელოდან იძრობს ნემსს და ხვრეტს პრეზერვატივების რამდენიმე ყუთს. დახვრეტილ ყუთებს ისევ დახლზე აბრუნებს.

ეს ვიდეო, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტშია გადაღებული, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამ მომენტისთვის ის უკვე 60 ათასმა ადამიანმა ნახა და ასობით ადამიანმა გააზიარა. ვიდეომ სახელწოდებით “პრეზერვატივი, რომელიც შეიძლება შენ შეგხვდეს” ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ერთდროულად აღაშფოთა და შეაშინა:

“აძლევ ინსპირაციას და სტიმულს ადამიანებს – იბოროტონ, ჩაიდინონ ათასი იდიოტობა, რომელიც არამხოლოდ ბავშვის ჩასახვას ეხება, არამედ უამრავ დაავადებას”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუქზე, ვიდეოს ქვეშ.

ვიდეოს ავტორი გიორგი გოგეშვილია. ის სოციალურ ქსელში ცნობილია მისი ე.წ. პროვოკაციული, ექსტრემალური და იუმორისტული ვიდეოებით. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვიდეოს გადაღების მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ, კეთილშობილური იყო:

„ამ ვიდეოთი მე მომხმარებელს დავანახე, რომ სავაჭრო ობიექტებში არსებობს რეალური საფრთხე მსგავსი პროდუქტის მარტივად, განზრახ დაზიანებისა, რასაც სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, დაუგეგმავი ორსულობიდან დაწყებული, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებით დამთავრებული. ვიღაცებმა გააპროტესტეს, რომ მოგბაძავენო და სხვებიც გააკეთებენო. დარწმუნებული ვარ, რომ მობაძვის მსურველი იქნება 0, 001%, თუმცა, ჩემი მიბაძვა არ სჭირდებათ, ეს ე.წ. ხუმრობა ჩემი მოგონილი არ არის. დაწმუნებული ვარ, მეორე მხარეს დგას 99%-ზე მეტი იმ მომხმარებლისა, რომლებიც გაცილებით ფრთხილად იქნებიან მსგავსი პროდუქტის შეძენისას და ვიცი, რომ ეს უკვე ასეცაა“.

გიორგი გოგეშვილი ირწმუნება, რომ დაზიანებული პრეზერვატივები თავადვე შეიძინა და კოლოფები დახლებზე არ დაუტოვებია.

ვახტანგ კობალაძე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სავაჭრო ობიექტებში კონკრეტულ პროდუქტზე რეგულაციების გამკაცრების საფუძველი ვერ გახდება:

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ქმედება, ანუ სავაჭრო ობიექტში პროდუქტის განზრახ დაზიანება, ერთმნიშვნელოვნად არის მომხმარებლის უფლების დარღვევა. რეალურად, ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება მომხმარებელმა დააზიანოს. მაგალითად, ახალი პროდუქტი ვადა გასულით შეცვალოს და ა.შ. თუმცა, სწორედ ამ რისკების აღმოსაფხვრელად არიან მარკეტებში კონსულტანტები, ასევე დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები. გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი ქმედება ვინმემ გაიმეოროს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას მასობრივი ხასიათი მიეცეს, რადგან ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ სუპერმარკეტებში ვიდეო-კონტროლი ხორციელდება“.

ვრცლად წაიკითხეთ: www.radiotavisupleba.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.