22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა

22 მაისი მსახიობ ლევან აბაშიძის დაბადების დღეა. დაიბადა 1963 წლის 22 მაისს. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1985 წელს. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი ითამაშა, ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გიორგი შენგელიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი – „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა.
მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა კიდევ არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა.
მათ შორის აღსანიშნავია – აკაკი რეხვიაშვილის „საფეხური” (1975), ტატო კოტეტიშვილის „ანემია” (1988), „ქალაქის ცხოვრება“ (1990). ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986), გუგული მგელაძის “ფესვები” (1987), „სკაპენის ოინები” (1985), კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987) და სხვ.
1988 წელს მიიღო კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის ფილმ „ანემიაში“.
დაუმთავრებელი დარჩა გიო მგელაძის ცნობილი ფილმი „არა, მეგობარო“, რომელიც რეჟისორმა მისი გარდაცვალების შემდეგ დაამთავრა. ლევანს „სუბიექტური კამერა“ თამაშობდა. ასეთმა გადაწყვეტამ განაცვიფრა ობერჰაუზენის ფესტივალის ჟიური და ფილმმა გრან-პრი აიღო.
ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ლევანს „ფრესკიდან გადმოსული“ უწოდა.
დაიღუპა ქართულ–აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დრო დროს, 1992 წლის 7 სექტემბერს, ზემო ეშერასთან. შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

 

წყარო: kvira.ge

Comments
Loading...