22 საქმე გამოძიების მოლოდინში – …დაუსჯელი დამნაშავეები

„სამართალდამცავების მიერ განხორციელებული მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს განჩინებების აღსრულება არ ხდება”

31 წლის გიორგი გამცემლიძე 2008 წლის 8 მაისს თბილისში მოკლეს. ახალგაზრდის სიცოცხლე პატრულის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა იმსხვერპლა, პოლიციელი მაშინ გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის მუხლით გაასამართლეს, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებდა. წლების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას და საქმის ეფექტური გამოძიების ვალდებულება აიღო, თუმცა ეს პირობა დღემდე შესრულებული არ არის.

გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმე ერთადერთი არ არის, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ. როგორც ირკვევა, საქართველოში სამართალდამაცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების ნაწილში, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება დღემდე პრობლემურია. პროკურატურაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს 22 საქმეზე ძიება, რისი ვალდებულებაც ქვეყანას ევროსასამართლოს წინაშე აქვს აღებული.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი თებერვლიდან ახალ კანონპროექტზე მუშობას იწყებს, რომლის ამოქმედების შემდეგაც, ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლი პარლამენტს დაევალება. თუმცა რამდენად დააჩქარებს ეს ცვლილება საქმეების გამოძიების პროცესს, უცნობია. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფრმაციით, კანონზე მუშაობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თამარ აბაზაძე „პოლიტკომერსანტთან” საუბარში განმარტავს’, რომ საქართველოში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნაწილობრივი აღსრულება ხდება. სახელმწიფო უარს არასდროს არ ამბობს კომპენსაციების გადახდაზე და სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვილებების გატარებაზე, თუმცა პრობლემა არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დაშაულებთან დაკავშირებული საქმეები.

„ზოგადად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ეს გახლავთ ევროპის საბჭოს პოლიტიკური ორგანო და სწორედ ეს ორგანო ახდენს გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლს. დროში რომ იწელება და აღსრულება არ ხდება ასეთი არის ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მკვლელობის საქმეები. ეს საქმეები დღესაც მინისტრთა კომიტეტის წინაშეა და პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება და აღსრულება მონიშნულია როგროც საქართველოს პრობლემა”, – ამბობს თამარ აბაზაძე.

იურისტი განმარტავს, რომ მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, ახალმა ხელისუფლებამ მორიგების პოლიტიკა აირჩია, რაც შემდეგს გულისხმობს – სახელმწიფო აღიარებს, რომ მოხდა გადაცდომა და იღებს ვალდებულებას რომ საქმეს ეფექტურად გამოიძიებს

„მაგალითად საქმეზე, რომელიც პატრულის მიერ გიორგი გამცემლიძის მკვლელობას ეხება, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში ცალმხრივი დეკლარაცია წარადგინა და აღიარა, რომ ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფა იყო უკანონო. შესაბამისად სტარსბურგმა ეს საქმე ამოღო განსახილველ საქმეთა ნუსხიდან”, – განმარტავს თამარ აბაზაძე.

სახელმწიფოს მხრიდან ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენით დასრულდა კიდევ ერთი საქმე, რომელიც ასევე სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომის ფაქტებს ეხება. ეს არის 2009 წლის 15 ივნისს შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან აქციის დარბევა. სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნულ ფაქტზეც ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს.

„ეს არის იუსტიციის სამინისტროს ახალი პოლიტიკა – ცალმხრივი დეკლარაციების და მეგობრული მოგვარების პროცედურები. ჩვენ ვადევნებთ თავლყურს რამდენად განახორციელებს სახელმწიფო მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ჯერ-ჯერობით ეფექტური გამოძიების ჩატარება პრობლემაა და მინისტრთა კომიტეტის წინაშე საქართველოსთან მიმართებაში ეს საქმეები დახურული ისევ არ არის. ანუ ჯერ არ ითვლება, რომ სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილებები აღასრულა.

რეალურად ეს გამოძიებები წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. თუ ჩავთლით, რომ გამოძიება ისევ არაეფექტურია, მაშინ ჩვენს საჩივრებს ევროპული სასამართლო თავიდან განიხილავს. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და ველოდებით პასუხს, სტრასბურგის განჩინებების საფუძველზე როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი”, – აცხადებს საია-ს იურისტი

„პოლიტკომერსანტს” იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, რომ მორიგების პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით იქნა არჩეული.

„2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ სტრასბურგის სასამართლოში 2012 წლამდე გაგზავნილი საქმეები მორიგებით დასრულებულიყო, რათა ჩვენს მოქალაქეებს დროულად და ქვეყნის შიგნით შესძლებოდათ დავის დასრულება მათი ინტერესების გათვალისწინებით და არ ყოფილიყვნენ გაურკვევლობაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის მოლოდინში. ამ პოლიტიკის შედეგად, 3 წლის განმავლობაში 63 საქმე დასრულდა სამინისტროსა და მომჩივანს შორის მორიგებით, ხოლო 32 საჩივარზე სამინისტრომ ცალმხრივად აღიარა მომჩივანთან მიმართებაში დარღვევების არსებობა.

რაც შეეხება, მორიგებებისა და დეკლარაციების შედეგად სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შესახებ, ევროპული სასამართლოს მიერ 22 საქმეზე (13 მორიგება და 9 დეკლარაცია) გამოტანილი განჩინებების შედეგად გამოძიებები წარიმართა ევროპული კონვენციის სტანდარტების შესაბამისად. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა”,- განმარტავენ სამინისტროში.

“პოლიტკომერსანტის” მიმართვის მიუხედავად, მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

რაც შეეხება პარლამენტის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლს, საია-ში მიაჩნიათ რომ ეს კარგი ინიციატივაა.

„ასეთი მექანიზმი არსებობს ბევრ ქვეყანაში. ევროსასამართლოში კონკრეტული დავების დროს, ჩვენი მოპასუხე არის იუსტიციის სამინისტრო, ამიტომ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლს თუ განახორციელებს ცალკე სახელმწიფო ორგანო, როგორიცაა მაგალითად პარლამენტი, თავსითავად ცუდი არ არის. თუმცა როგორ იმუშაებს ეს მექანიზმი საინტერესოა,”- ამბობს თამარ აბაზაძე.

თამთა ვირსალაძე
politcommersant.ge

Comments
Loading...