26 წლის გოგონას ბენზინის აალების შედეგად, სხეულის 20% აქვს დამწვარი

თბილისში, 26 წლის გოგონამ ბენზინის აალების შედეგად, მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

როგორც „ინფო 9“-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გოგონა კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

მისი თქმით, პაციენტს სხეულის 20% აქვს დამწვარი. დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები და სასუნთქი გზები.

„პაციენტი კონტაქტურია. იგი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამჟამად, კიდურების ფუნქციური შენარჩუნებისთვის საოპერაციოდ ვამზადებთ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი სუიციდის მცდელობას“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ინფო 9“-ის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

Comments
Loading...