“4 ადამიანის გარდაცვალების გამო პასუხი უნდა აგოს მაღაროს მფლობელმა” – ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის დეტალები…

“ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ეს იყო მკვლელობა“, – ასე აფასებს ტყიბულის შახტაში გაუმართავი ტექნიკის გამო 4 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

გუშინ, დაახლოვებით 6 საათზე, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და კაბინა რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში ჩავარდა. ლიფტში 4 მეშახტე იმყოფებოდა…

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტყიბულში, მოძველებული ტექნიკისა და არასახარბიელო აღჭურვილობის გამო მუშები იღუპებიან.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ტრაგედია მინდელის სახელობის შახტის მფლობელებს არ ანაღვლებთ. სპეც-ღონისძიებები არ გაუტარებია სახელმწიფოსაც.

მათი გულგრილობისა თუ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას კი, ამჯერად 4 მუშის სიცოცხლე შეეწირა.

სწორედ ეს გახდა სტუდენტების აღშფოთების მიზეზი…  ათეულობით სტუდენტმა გუშინ რუსთაველზე, გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება, აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა და მათი ნაწილის დაკავება მოჰყვა.

მანამდე კი, სტუდენტები სახელმწიფო კანცელარიის წინ ოთხიანის წითლად დაწერას ცდილობდნენ იმის საილუსტრაციოდ რომ ტყიბულის შახტაში 4 მუშის გარდაცვალება მათ შორის ხელისუფლების სინდისზეა.

ხელისუფლება აცხადებს რომ „მიმდინარეობს გამოძიება მომხდარი ტრაგიკული ფაქტის მიზეზების დასადგენად“.

თუმცა, მუშები ვარაუდობენ რომ „ეს ამბავიც ისევე ჩაივლის, როგორც ადრე მომხდარი არაერთი ტრაგედია მიიჩქმალა“.

„მაღაროში დაცული არ არის უსაფრთხოება. თითქმის ყოველ დღე გვიწევს სიკვდილს თვალებში ჩავხედოთ. ვიზიანებთ ჯანმრთელობას. არ გვაქვს შესაბამისი ანაზრაურება.

არ ვიცი რა ვთქვა. შრომის ინსპექცია რომ შესაბამისად მოქმედებდეს, 4 ადამიანი არ დაგვეღუპებოდა.

რაც მოხდა, მაღაროს მფლობელებისა და ხელისუფლების ბრალია.”4 ადამიანის გარდაცვალების გამო პასუხი უნდა აგოს მაღაროს მფლობელმა”, – აცხადებენ მუშები ტყიბულიდან, რომლებიც ამბობენ რომ „თუ ვითარება არ შეიცვალა დღეს, ხვალ სხვები დაიღუპებიან“.

წყარო: http://presa.ge

Comments
Loading...