400 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა
თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინები გადაეცემა. 200 ბინა თბილისის ზღვაზე, ე.წ. ოლიმპიურ სოფელში, 200 კი მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დღეს, 248 ერთოთახიანი, 79 ოროთახიანი და 73 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.
ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო და 400 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მიღება მიულოცა.
„სასიხარულო დღეა 400 დევნილი ოჯახისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც. დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი წლის განმავლობაში, მრავალტანჯული დევნილობის შემდეგ, ამ ოჯახებს საკუთარი ბინა ექნებათ. დროებითი თავშესაფარი, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის დაბრუნება ჩვენს საკუთარ მიწაზე და ჩვენს საკუთარ სახლებში, მაგრამ მანამდე, ყველა დევნილს უნდა ქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კენჭისყრის პროცედურას მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც დაესწრნენ.
წყარო : guardian.ge