უცნობი გმირები: ბაკური და გურგენი თბილისის დასაცავად (627 წ.)

ბაკური და გურგენი – 627 წელს, ხაზარებისა და ბიზანტიელებისგან ალყაში მოქცეული თბილისის გმირი დამცველები. ათი დღის განმავლობაში ისინი მტერს კედლის გარღვევის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ და ხაზართა ხაკანმა ჯიბღუმ ქალაქს ალყა მოხსნეს და მეორე წლამდე გადადეს თბილისის აღება.
წყაროები
ბაკური (Pacurius) და გურგენი (Gourgenes) შესახებ ძირითად წყაროებს წარმოადგენს ბიზანტიელი ისტორიკოსის ნიკიფორე ბრიენოს უმცროსის (1062-1137) თხზულება Ὕλη Ἱστορίας ორ Ὕλη Ἱστοριῶν – „მასალები ისტორიისთვის”. მიუხედავად იმისა, რომ ნიკიფორე ბრიენოსი ძირითადად კომნენოსების პერიოდის ისტორიას აღწერს, მას აქვს ცნობები ჰერაკლე კეისრის სპარსული ლაშქრობების შესახებაც. 627 წლის მოვლენების შესწავლისთვის ნიკიფორე ბრიენოსის თხზულებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მასში ბევრი წვრილმანი დეტალიც კი იკითხება და ასევე დასახელებულია მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ აიღეს თბილისი ბიზანტიელებმა და ხაზარებმა – ორი ქართველი გმირის, ბაკურისა და გურგენის თავდადება.
მეორე ბიზანტიური წყარო, რომელშიც 627 წლის მოვლენები შედარებით უფრო მკრთალად არის გაშუქებული, გახლავთ იოანე სკილიცეს Σύνοψις Ἱστοριῶν – „ისტორიის მიმოხილვა”. მასში ძირითადად IX-XI საუკუნის ისტორიაა აღწერილი, მაგრამ არის რამდენიმე თავი, რომელიც უფრო ადრინდელ ეპოქასაც ეხება. იოანე სკილიცეს ზემოთხსენებული ნაწარმოები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მის მადრიდულ ხელნაწერში (გადაწერილია სიცილიაში XII საუკუნეში, დაცულია მადრიდის არქივში) მოცემული 574 მინიატურიდან, ერთ-ერთი სწორედ გურგენისა და ბაკურის გმირობას ეხება. მასზე აშკარად ჩანს კედელი, ორი ამოშენებული ადგილით და ჯარისკაცები რომლებიც მის დანგრევას უშედეგოდ ცდილობენ.
სახალხო გადმოცემები ბაკურისა და გურგენის შესახებ არცთუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ გვაძლევს საინტერესო ინფორმაციას. ისინი სხვადასხვა სახელით არიან ცნობილები სხვადასხვა ლეგენდაში, მაგრამ ისტორიის შინაარსი თითქმის ყველგან ერთნაირია.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად თბილისში, ნარიყალას ციხის (იმ დროს კალა-ციხე ეწოდებოდა) კედელთან, ნაპოვნია VII საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული რკინის ჯაჭვები, რომლითაც გურგენი და ბაკური იყვნენ შებოჭილები გალავანში ჩაშენების დროს. ჯაჭვები ინახება თბილისის მუზეუმში. სხვა სახის არქეოლოგიური მასალა არ გაგვაჩნია.
ისტორია
627 წელს ჰერაკლე კეისარი, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული ხაზართა ხაკან ჯიბღუსთან, თავისი ჯარებით ქართლში შემოიჭრა, რომელიც მაშინ ირანის, ბიზანტიის მოწინააღმდეგის გავლენის სფეროში იყო მოქცეული. თბილისი საჭირო სტრატეგიული პუნქტი იყო ბიზანტიისთვის, ასევე ირანელებს საშუალება ეძლეოდათ კავკასიაში ძლიერი პოზიცია დაეჭირათ თუ თბილისი მათ ხელში იქნებოდა. ხაკანმა და იმპერატორმა ერთობლივი ძალებით შეუტიეს ქალაქის გარეთა გალავანს და ერისმთავარ სტეფანოზის სიკვდილის შემდეგ, მოახერხეს მისი გადალახვა. თბილისის დამცველები გამაგრდნენ კალა ციხეში.

ნარიყალა

კალა-ციხის ცენტრალური კედელი ძალიან ყოფილა დაზიანებული. შიდა მხარე თითქმის მოშლილი იყო, მაგრამ ქართველებს მის ამოსაშენებლად დრო არ ჰქონდათ, თან ახლად ამოშენებული კედელი სუსტი იქნებოდა. ამ დროს ორი გოლიათი ჯარისკაცი, ბაკური და გურგენი გამოვიდნენ რაზმის რიგებიდან. ნიკიფორე ბრიენოსი წერს, რომ მათი სიმაღლე კედლის ნახევარს წვდებოდა, მხრები კი ბიზანტიონის უდიდეს ზარზე ფართო ჰქონდათ. მათი სადარი არავინ იყო მთელ ციხეში. გურგენმა და ბაკურმა გადაწყვიტეს თავი გაეწირათ და კედლის შემონგრევის საშუალება არ მიეცათ მტრისთვის. ისინი მსხვილი ჯაჭვებით მიამაგრეს კედელზე, სუსტ ადგილას, გვერდიგვერდ და კარგად გაკოჭეს იმავე ჯაჭვით, შემდეგ კი ზურგიდან კარგად ჩაკირეს და ამოაშენეს. გურგენი და ბაკური გაუნძრევლად იდგნენ და კედელს ამაგრებდნენ.
მტერმა იერიში წამოიწყო. ბიზანტიელებმა ჯერ ლოდსატყორცნებით დაუშინეს ქვები კედელს, შემდეგ კი ტარანები მიაყენეს. კედელი ურყევად იდგა. მეციხოვნეები მტერს ისრებს ესროდნენ და ხელს უშლიდნენ. მთელი ძალით ურტყამდნენ ტარანებით კედელს ხაზარი მეომრები, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ბაკური და გურგენი მტკიცედ ამაგრებდნენ კედელს. ნიკიფორე ბრიენოსის ცნობით როდესაც ბერძნებმა და ხაზარებმა სცადეს ღამის სიბნელის საფარქვეშ დაეწყოთ შეტევა და შეუმჩნევლად გადასულიყვნენ გალავანზე, კედელი საზარლად, სისხლის გამყინავად ახარხარდა. ეს გურგენი და ბაკურნი იყვნენ, რომელთაც შიშის ზარი დასცეს მოწინააღმდეგეს და ისინიც სწრაფად გაეცალნენ იქაურობას. მეციხოვნეებმა იცოდნენ, რომ ორი გოლიათი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ კედელში, ამიტომ წყალს ასხამდნენ ლოდებს, რათა ბაკურს და გურგენს სული მოეთქვათ. მეორე დღეს, დილითვე განახლდა შტურმი. კედელს კვლავ დაუშინეს ლოდსატყორცნები და როდესაც ქვეითები კიბეებით დაიძრნენ მასზე ასასვლელად სიმღერა გაისმა, ხმამაღალი და შემაძრწუნებელი. ხალხური თქმულების მიხედვით, გურგენმა და ბაკურმა მრავალჟამიერი შემოსძახეს. ბიზანტიელები და ხაზარები კვლავ დაფრთხნენ და გაიფანტნენ. სკილიცე წერს, რომ „ბასილევსი ჰერაკლიოს სამი დღის განმავლობაში აღარ უტევდა გალავანს”. როდესაც ბიზანტიელებმა იერიშები განაახლეს, იგივე განმეორდა. ხაზარებმა კი ვერცერთი კიბე ვერ მიადგეს კედელს. მას კიბე არ ეკარებოდა. ღამით კი იდუმალი ნათელი დაჰფენოდა. ჰერაკლე კეისარმა ბიბლია გადაშალა, იხილა ეპისტოლე პავლესი ებრაელთა მიმართ – „ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი” (ებრაელთა მიმართ, 11:10). ჰერაკლე კეისარმა, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმეტყველების კარგი ცოდნით, გადაწყვიტა, რომ ციხეს ვერ აიღებდა. ჯიბღუ ხაკანს მოელაპარაკა და მათ უკან დაიხიეს, შეტევა შემდეგ წელს უნდა განეახლებინათ მხოლოდ ხაზარებს.

იმპერატორი ჰერაკლე ამარცხებს ხოსრო II-ს

მტერმა ქალაქის მიდამოები დატოვა, გახარებული ქართველები აქეთ-იქით აგორავებდნენ იმ გოგრას, რომელზეც ჯიბღუ-ხაკანის სახე ჰქონდათ მიხატული, ისრებს ესროდნენ და უკუქცეულ მტერს დასცინოდნენ. ამ დროს კი ყველას გაახსენდა გალავანში მოქცეული ორი გოლიათი, რომელთაც ქალაქი გადაარჩინეს. კედელი მაშინვე გამოანგრიეს და გამოიყვანეს ჯაჭვებით შეკრული ბაკური და გურგენი. გურგენი უკვე მკვდარი იყო. ბაკურმა კი გადმოცემის მიხედვით თქვა, რომ მთელი ეს დრო ვეშაპის მუცელში ეგონა თავი, ისევე როგორც იონა წინასწარმეტყველი იყო. გმირი გოლიათი ქალაქის კედელთან დამარხეს, ბაკურმა კი თბილისი სამუდამოდ დატოვა და მასზე არცერთ თქმულებაში აღარაფერი წერია.
628 წელს, ხაზარები კვლავ შემოიჭრნენ, აიღეს თბილისი, მიადგნენ კალა-ციხეს და შეანგრიეს ის კედელი, რომელსაც ერთი წლის წინათ ბაკური და გურგენი იცავდნენ. კალა-ციხე დაეცა. ჯიღბუ ხაკანის ვაჟის შათის ბრძანებით თბილისი გაძარცვეს, დაანგრიეს და ღვთის ანაბარად დატოვეს.

უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია
წყარო: http://saqartvelodidia.blogspot.com/

Comments
Loading...