41 წელი ერისა და ბერის სამსახურში – დღეს საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების დღეა

დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან წელი შესრულდა.

“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“ , – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებისას.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის — იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის — პირველი რექტორი. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.

1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს — უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

1990 წელს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა — წმიდა ილია მართალი (XIX-XX ს.), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე (XX ს.), ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია (XX ს.), ალექსი ბერი (შუშანია) (XX ს.), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად (XX ს.), წმიდა ნინოს მშობლები — ზაბულონი და სოსანა (IV ს.), წმიდა თევდორე კველთელი (XVII ს.), წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (XIX ს.), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIX ს.), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (XIII ს.), აჭარაში თურქთაგან წამებულნი მამანი და დედანი (XVIII ს.), პეტრე I (V ს.) წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი, სამუელ I (V-VI ს.) – პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი, მელქისედეკ I (XI ს.) — სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ზოსიმე II — ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (IX ს.), მღვდელმონაზონი თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) — ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.) — იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი, აბუსერიძე ტბელი (XIII ს.), ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული, ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.) დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX ს) — გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული; წმინდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ურგებაძე, XX ს).

Comments
Loading...