“44 წლის იყო, ცოლი და ორი შვილი დარჩა” – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცზე წერს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ  უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი 44 წლის დავით სიხარულიძეა.
“კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი გმირულად დაეცა დონბასში. დავით სიხარულიძე ოკუპანტებს ჯერ კიდევ აფხაზეთში 1992-93 წლებში ებრძოდა. საქართველოში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

2015 წლამდე ის მაიორი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ იქედან წამოვიდა, უკრაინაში გადავიდა და “აიდარის” წევრი გახდა. ის სოფელ ნოვოლუგანსკთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. 44 წლის იყო, ცოლი და ორი შვილი დარჩა.

უკვე სათვალავი ამერია, მერამდენე ქართველი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. ასეულობით ქართველი ამ დრომდე აგრძელებს უკრაინის დასაცავად ბრძოლას. უკრაინის პრეზიდენტის მიერ საზეიმოდ დადებული ფიცის მიუხედავად, არცერთს არ მიუღია უკრაინის მოქალაქეობა.

ამის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ უკრაინის დასაცავად ბრძოლას და იღუპებიან კიდეც, ისევე, როგორც 34 უკრაინელი დაიღუპა აფხაზეთში, ხოლო ბევრმა, მათ შორის გიორგი ღონღაძემ, იქ ჭრილობა მიიღო.

იბრძვიან რა უკრაინაში, ქართველები უკრაინელ გმირებს ვალს უბრუნებენ. ისინი თავისუფალი საქართველოსთვის იბრძვიან, მაგრამ ამავდროულად, უკრაინას თავიანთ მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ. შემთხვევითი არაა, რომ უცხოელებს შორის უკრაინაში დაღუპულთაგან ყველაზე მეტი ქართველია. დაე, მსუბუქი იყოს მათთვის უკრაინული მიწა…”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Comments
Loading...